რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსი ჟურნალისტი პაველ ზარუბინისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მათთვის უკეთესია, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყოს და არა დონალდ ტრამპი.
“ბაიდენი. ის უფრო გამოცდილი ადამიანია, პროგნოზირებადია, ძველი ფორმაციის პოლიტიკოსია. მაგრამ ჩვენ ვიმუშავებთ აშშ-ს ნებისმიერ ლიდერთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ნდობას გამოუცხადებს.” – უპასუხა პუტინმა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ ვინ არის რუსეთისთვის უკეთესი, ჯო ბაიდენი თუ დონალდ ტრამპი.
პუტინის თქმით, აშშ-ში საარჩევნო კამპანია უფრო და უფრო “ხისტ ფორმებს” იღებს და, მისივე რწმუნებით, “არაკორექტული იქნება ამ პროცესში ჩარევა” რუსეთის მხრიდან.
მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას ჯო ბაიდენის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
“მისმინეთ, როცა ბაიდენს შვეიცარიაში შევხვდი, მართალია ეს რამდენიმე, 3 წლის წინ იყო, მაგრამ მაშინ უკვე ამბობდნენ, რომ ის ქმედუუნაროა [თანამდებობისთვის]. არაფერი მსგავსი არ შემიმჩნევია. კი, საკუთარ ფურცლებში იხედებოდა. სიმართლე რომ გითხრათ, მეც ხშირად ვიხედები ხოლმე. ამაში არაფერი განსაკუთრებული არაა. სადღაც, ვერტმფრენიდან გადმოსვლის დროს თავი აარტყა, აბა, ჩვენთან ვის არ მიურტყამს სადმე თავი? დაე, პირველმა ესროლოს ქვა.
ზოგადად, ჩემი აზრით, მე ექიმი არ ვარ და თავს უფლებას ვერ მივცემ რაიმე კომენტარი გავაკეთო ამ საკითხზე. ჩვენ ამას არ უნდა ვუყუროთ. უნდა ვუყუროთ პოლიტიკურ პოზიციას. ვთვლი, რომ დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიცია უკიდურესად საზიანო და მცდარია. და მე ამას მუდამ ვეუბნებოდი პრეზიდენტ ბაიდენს.” – თქვა პუტინმა.