„თბილისში, სხვადასხვა არეალში გამოვყოფთ მიწის ნაკვეთებს, რომ მესაკუთრეებმა ბენზინგასამართი სადგურების გადატანა შეძლონ. უახლოეს პერიოდში გაიგზავნება ეს საკითხი დედაქალაქის საკრებულოში გადაწყვეტილების მისაღებად და მონაცვლეობის შემდეგ, ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟს დავიწყებთ. ამის შემდეგ კი კონკრეტული პროექტი განხორციელდება, რომელიც სატრანსპორტო ნაკადების გატარებას უზრუნველყოფს. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო უკვე აქტიურად მუშაობს სატრანსპორტო კვანძის პროექტზე, რომელსაც მოსახლეობას გავაცნობთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.გმირთა მოედნის მიმდებარედ, სანაპიროზე ჩამსვლელ საგზაო მონაკვეთში დამატებითი ზოლი მოეწყობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული სამი ბენზინგასამართი სადგურის მესაკუთრეებთან ადგილმონაცვლეობაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.
„გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტოსატრანსპორტო კვანძი ერთ-ერთი პრობლემური ადგილია. ამ პროექტთან დაკავშირებით, გასულ წელსაც ვმუშაობდით, დავამუშავეთ სხვადასხვა სქემა, გავაკეთეთ ვიდეომოდელირებაც. საკითხის შესწავლამ კიდევ უფრო ცხადყო, რომ საჭიროა ბენზინგასამართი სადგურების აღება და დამატებითი საგზაო ზოლის მოწყობა. პროექტზე რამდენიმე წლის წინაც დავიწყეთ მუშაობა, თუმცა შეთანხმება ბენზინგასამართი სადგურების მესაკუთრეებთან ვერ მოხერხდა. შემდეგ პანდემიამ შეგვიშალა ხელი. სატრანსპორტო ნაკადების მატებასთან ერთად, კიდევ უფრო აქტუალური გახდა აღნიშნული სატრანსპორტო კვანძის გარკვეული სახით მოდერნიზება და კონკრეტული გადაწყვეტების მოძებნა. ამიტომ, ბოლო პერიოდში აქტიურად ვიმუშავეთ ამ საკითხზე და დღეს, მთავრობის სხდომაზე, ქონების ადგილმონაცვლეობის საკითხი განიხილება. შეთანხმება უკვე მიღწეულია და მინდა, მფლობელებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟის შემდეგ, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური საგზაო სამუშაოებს დაიწყებს.