შსს-მ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, საქმე ეხება ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერისა და თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერს, თანამშრომელთან ერთად თაღლითური სქემა ჰქონდა შემუშავებული. კერძოდ, ისინი, ე.წ. პრომო გოგონების მეშვეობით, ერთ-ერთი აპლიკაციით საქართველოში ტურისტულად მყოფ უცხოელ მამაკაცებს უკავშირდებოდნენ, რომლებსაც წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით, თავს რესტორანში აპატიჟებინებდნენ. ამის შემდეგ კი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამოდ დიდ თანხებს ახდევინებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულების მიერ დასახელებულ თანხას არ გადაიხდიდნენ, მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ და ფულს ამ გზით ეუფლებოდნენ”. – წერია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.