აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა შიდა უსაფრთხოების მინისტრის იმპიჩმენტს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, მეორე მცდელობით შეძლო შიდა უსაფრთხოების მინისტრ ალეხანდრო მაიორკასისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მხარდაჭერა. ამ ფედერალური უწყების კომპეტენციაშია საზღვრების დაცვაც.
რესპუბლიკელები მაიორკასს ადანაშაულებენ კონგრესისთვის ყალბი ცნობების მიწოდებასა და იმიგრაციასთან დაკავშირებული კანონების შეუსრულებლობაში, რამაც მათი აზრით, გამოიწვია ამერიკა-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების სარეკორდო ნაკადი. ალეხანდრო მაიორკასი და პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია რესპუბლიკელების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.
13 თებერვალს გამართული კენჭისყრის შედეგებით, მაიორკასის გადადგომას მიემხრო წარმომადგენელთა პალატის 214 წევრი. წინააღმდეგი იყო 213. პირველი მცდელობისას, 7 თებერვალს, იმპიჩმენტის ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო.
თანამდებობიდან მინისტრის გადაყენებას სენატის თანხმობაც სჭირდება. სენატში, რომლის წევრთა უმრავლესობა დემოკრატია, მაიორკასის იმპიჩმენტს მხარდაჭერა არ ექნება.
-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის გადაწყვეტილებას ალეხანდრო მაიორკასისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შესახებ, უწოდა რესპუბლიკელების არაკონსტიტუციური, პარტიული ანგაჟირების აღმაშფოთებელი მაგალითი, რომელიც წვრილმანი პოლიტიკური თამაშების გამო მიმართეს პატიოსანი სახელმწიფო მოხელის წინააღმდეგ.
ბაიდენის განცხადებით, კუბელი იმიგრანტი ალეხანდრო მაიორკასი, რომელიც თავის დროზე ოჯახთან ერთად შეერთებულ შტატებში ჩავიდა როგორც პოლიტიკური დევნილი, ოც წელზე მეტია ამერიკას პატიოსნად ემსახურება, სახელმწიფო სამსახურში ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა და კეთილსინდისიერად იცავს კანონის უზენაესობას და ამერიკელების ფასეულობებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა რესპუბლიკელებს მოუწოდა, თუ საზღვარზე არსებული ვითარება გულწრფელად აწუხებთ, პოლიტიკური ტრიუკების ნაცვლად მხარი დაუჭირონ კონგრესის მიერ მეტი ფინანსური რესურსის გამოყოფას საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად.