ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით გასამართლებული მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი სასჯელს სახლში მოიხდის – მას საპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, მსჯავრდადებულ გიგა გიგაშვილის ყოფილი მოადგილე, გიორგი ვახტანგაშვილი, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებითაა გასამართლებული, სასჯელს სახლში მოიხდის. მას 3-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შინა პატიმრობითა და სპეციალური ელექტრონული მონიტორინგით შეეცვალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისმა კომისიამ მიიღო.
როგორც ვახტანგაშვილის ადვოკატმა კახა წერეთელმა „ინტერპრესნიუსთან“ განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი, სასჯელის 1/3 მოხდილი ჰქონდა, შესაბამისად, კანონმდებლობა აღნიშნულს ითვალისწინებდა.
„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისმა კომისიამ მის მიმართ სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხი განიხილა. აღნიშნული დაკმაყოფილდა, ვინაიდან ის ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვისაა გასამართლებული, კანონით, 1/3-ის გასვლის შემდეგ, შესაძლებელია, ეს საკითხი დადგეს, პატიმრობიდან გათავისუფლდა, ის შინა პატიმრობითა და ელექტრონული მონიტორინგით შეეცვალა.
3 წელი ჰქონდა მისჯილი, წელიწადი და 3 თვე მოიხადა, დანარჩენს სახლში მოიხდის“, – განაცხადა წერეთელმა.
ცნობისთვის, გიორგი ვახტანგაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წაყენებული, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს. იგივე მუხლით დააკავეს და 3 წლით აქვს თავისუფლება აღკვეთილი ვახტანგაშვილის უფროსს, გიგა გიგაშვილსაც, თუმცა, მისი საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი.
2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი – ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.
მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გიორგი ვახტანგაშვილთან ერთად ბრალდებული იყო კიდევ 8 პირი, თუმცა, ერთ-ერთი მათგანი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, 8 პირის მიმართ კი გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. მათ საქმეს ახლა თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს, სხდომებს დაესწრება მსჯავრდებული გიორგი ვახტანგაშვილიც.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე – რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ხალხი უკან თავის ორბიტაში დააბრუნოს, ეს უბრალოდ მიუღებელია – ჩვენ ვღელავთ და აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება არჩევნებს

პრემიერი – სახელმწიფო და სამართალდამცავი სტრუქტურები დგას თავის ადგილზე და რამდენიც არ უნდა სცადო, რევოლუციური პროცესები წამოიწყო, ვერაფერს მიღწევ, არ გაქვს რესურსი – ოპოზიციის და მათი პატრონების ეს გათვლაც განწირულია წარუმატებლობისთვის