გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, NATO-ს ორმხრივი თავდაცვის მუხლის ნებისმიერი რელატივიზაცია საშიშია და მხოლოდ რუსეთს ემსახურება. ამის შესახებ შოლცმა პოლონეთის პრემიერმინისტრთან, დონალდ ტუსკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“NATO-ს დახმარების გარანტიის ნებისმიერი რელატივიზაცია უპასუხისმგებლო და საშიშია. ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. არავინ არ უნდა ითამაშოს ან ივაჭროს ევროპის უსაფრთხოებასთან”. – თქვა შოლცმა.
ამ სიტყვებით გერმანიის კანცლერი აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, აშშ-მ, შესაძლოა, რუსეთის პოტენციური შეჭრისგან არ დაიცვას NATO-ს ის წევრი ქვეყნები, რომლებიც თავდაცვის ბიუჯეტისთვის საკმარის თანხებს არ ხარჯავენ.
პოლონეთის პრემიერის შეფასებით, უსაფრთხოების მზარდი რისკების წინაშე ევროპას, NATO-ს და აშშ-ს შორის პარტნიორობას ალტერნატივა არ აქვს.
“არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ევროკავშირი რუსეთზე სუსტი იყოს. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ევროპამ უნდა მიაღწიოს უმაღლეს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებსა და საბრძოლო მასალის წარმოების შესაძლებლობებს”. – თქვა ტუსკმა.