რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსულ სამთავრო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მოსკოვის თბილისთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ აპირებენ ნორმალიზაციის მისაღწევად მუშაობის გაგრძელებას.
“რაც შეეხება თბილისთან დიპლომატიურ ურთიერთობებს, როგორც ცნობილია, ეს 2008 წელს სააკაშვილის რეჟიმმა გაწყვიტა. სამწუხაროდ, მათი აღდგენის შესაძლებლობა ექვემდებარება პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომლებიც ეწინააღმდეგება რეგიონის ახალ რეალობას. ჩვენი მხრივ, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან კავშირის ნორმალიზაციისთვის.” – თქვა გალუზინმა.
ამას გარდა, გალუზინმა შეაქო საქართველოს მმართველი პარტიის კურსი და კვლავ “პრაგმატული” უწოდა.
“აღსანიშნავია რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის პოზიტიური დინამიკა. საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით, გადავლახეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის რთული პერიოდი, რომელიც 2019 წელს რადიკალების ცნობილმა პროვოკაციებმა გამოიწვია. გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა, გაუქმდა და პირდაპირი ფრენები განახლდა. ეს ნაბიჯები დადებითად მიიღო მთავრობამ და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ. რუსეთის პრეზიდენტის 2023 წლის 10 მაისის შესაბამისი ბრძანებულებების შესრულებამ ხელი შეუწყო ჩვენს ერებს შორის კომუნიკაციის პირობებს, ხელი შეუწყო ბიზნეს წრეებს შორის კონტაქტების გაძლიერებას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას”. – თქვა გალუზინმა.
გალუზინმა ხაზი გაუსვა რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს შექმნასაც. ეს ორგანო არაა ოფიციალური მთავრობათაშორისი ორგანო.
“გასულ წელს საქართველოს რუსეთიდან 1.4 მილიონზე მეტი სტუმარი ეწვია. რუსები საქართველოს ეკონომიკის ტურისტული სექტორის შემოსავლის მეოთხედს უზრუნველყოფენ. შეიქმნა რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭო და მისი ხუთი სხდომა უკვე გაიმართა. პირდაპირი ფრენების სიხშირე და გეოგრაფია კვლავ იზრდება”. – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
გალუზინმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს შორის ბოლო შეხვედრა სრულ ფორმატში რამდენიმე წლის წინ შედგა, თუმცა ისინი აგრძელებენ კომუნიკაციას და განიხილავენ საქართველო-რუსეთის მაკავშირებელი სახმელეთო გზის შეუფერხებელი მუშაობის საკითხებს.
“ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს შორის სრულ ფორმატში ბოლო შეხვედრა 2021 წლის ნოემბერში შედგა. მას შემდეგ ისინი დისტანციურად ინარჩუნებენ კონტაქტს. კონკრეტულად ეს ეხება, ჩვენს ქვეყნებს შორის ერთადერთი მოქმედი სახმელეთო არტერიის, საქართველოს სამხედრო მაგისტრალის შეუფერხებელი ფუნქციონირების საკითხებს.” – თქვა გალუზინმა.
გასულ კვირაში საქართველოს მთავრობა “პრაგმატიზმისთვის” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამაც შეაქო და თქვა, რომ მიზნად ისახავენ თბილისთან ურთიერთობის ნორმალიზაციას, თუ საპასუხო ნაბიჯები იქნება.