კოსტავაზე Hilton-ის მშენებლობა განახლდება – როგორია კორექტირებული პროექტი

კოსტავაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Hilton-ის შეჩერებული მშენებლობა განახლდება. მერიამ შპს „გრანატს“ მშენებლობის გაგრძელების უფლება და კორექტირებული ესკიზური პროექტის განხორციელების ნებართვა მისცა, გარდა ამისა კომპანიას მიმდებარე გზის, ტროტუარის, კუნძულის და პანდუსის მოწყობის მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოების უფლებაც მიენიჭა.
არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ბოლო ინფორმაციით, კომპანია შეთანხმებულ პროექტში რამდენიმე ცვლილებაზე ნებართვას ელოდება, მათ შორისაა, სართულების დაგეგმარება, რამდენიმე სართულის ნიშნულის ცვლილება, ლიფტების და კიბეების პოზიციების ცვლილება და სხვა.
„იგეგმება არსებული შენობის რეკონსტრუქცია მიშენება–დაშენებით, სადაც განთავსდება საერთაშორისო ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო 200 ნომრით.
ნაკვეთის ფართობი შეადგენს 4544 კვ. მ–ს. აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავ ზონას, მასზე არ არის განთავსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები. აღსანიშნავია, რომ ქალაქის განაშენიანების თვალსაზრისით საკვლევ ტერიტორიას უკავია საინტერესო ადგილი, რაც გამოიხატება მის გარშემო მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ნაგებობისა და შენობების განლაგებით. ასევე მის გარშემო ქალაქის მნიშვნელოვანი რაიონების არსებობით (ვერა – ვაკე –საბურთალო – დიდუბე – აღმაშენებელი – რუსთაველი – ცენტრი – მთაწმინდა), რაც ქმნის აქ სატრანსპორტო კვანძს.
პროექტის კონცეპტუალური დაგეგმარებისთვის მნიშვნელოვანი გახდა იდეა, რომ ქალაქისთვის არა მარტო შექმნილიყო ერთ–ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებას, არამედ სასტუმროს შეექმნა ასევე შესაძლებლობა საზოგადოებრივ–საქმიანი თუ კულტურული სივრცეების განვითარების ნაწილშიც. შესაბამისად, პროექტით განისაზღვრა სასტუმროში განთავსებულიყო 200 ნომრიანი სასტუმრო მაღალი სტანდარტების მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით, მიწისქვეშა პარკინგი, ლანდშაფტური ზონა ტერასით, რესტორანი, მცირე და დიდი საკონფერენციო დარბაზები, საგამოფენო-საღონისძიებო სივრცეები, გამაჯანსაღებელი ცენტრი ფიტნესითა და სპაცენტრით“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
რა გეგმები აქვს კომპანიას და როდის გეგმავს სასტუმროს მშენებლობის დასრულებას, ამ და სხვა კითხვებზე პასუხი არაერთი მცდელობის მიუხედავად შპს „გრანატ“- ის ერთ-ერთი მეწილის, მერაბ ჩიხრაძისგან ვერ მივიღეთ. მერაბ ჩიხრაძე 2019 წელს აცხადებდა, რომ ძველი შენობის რეკონსტრუქცია-რესტავრაციის პროცესი მიმდინარეობდა. ამბობდა იმასაც, რომ სასტუმროს პროექტის ჯამური ღირებულება 60 მლნ დოლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროს განვითარების ვალდებულება კომპანიამ მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ჯერ კიდევ 2015 წელს აიღო. სასტუმროს პროექტი „გრანატმა“ შპს „ჯორჯიან ფროპერთისგან“ გამოისყიდა. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, მინიმუმ 120 ნომრიანი სასტუმრო „გრანატს“ ექსპლუატაციაში 4 წლის ვადაში უნდა შეეყვანა.
ხელშეკრულება 2019 წელს გადაიხედა, მაშინ ცვლილებები გულისხმობდა სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებას და სასტუმროს ექსპლუატაციაში მიღებას არაუგვიანებს 2021 წელის 18 მაისისა. მაშინ ინვესტორს სასტუმროს შექმნის მიზნით 20 მლნ-ის ნაცვლად 25 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება დაევალა.
თუმცა უკვე 2021 წელს „გრანატმა“ მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება 24 თვით მოითხოვა, რაზედაც უარი მიიღო, მას შემდეგ კომპანიამ არაერთხელ წარადგინა კორექტირებული პროექტი და მოითხოვა მშენებლობის გაგრძელების უფლება, საბოლოოდ ის მხოლოდ გასული წელს მიიღო.
შპს „გრანატი“ 2014 წლის 21 ოქტომბერს არის დაფუძნებული. კომპანიის 50%-ს უზბეკეთის მოქალაქეს შომუროდ ილიასოვს ეკუთვნის, 25% -25% კი მერაბ ჩიხრაძე და „ჯი ეს ეი ინვესტი“ ფლობენ, რომლის 100%-იანი წილი დიმიტრი აბდუშელიშვილს ეკუთვნის.