ლევან დავითაშვილი რომეო მიქაუტაძეზე – არანაირი გამოძიება, დაკითხვა და კითხვები მის მიმართ არ არსებობს – ის მაღალ დონეზე ასრულებდა თავის მოვალეობებს, პირადი გადაწყვეტილებით დატოვა სამთავრობო გუნდი

არანაირი გამოძიება, დაკითხვა და კითხვები ჩემი პირველი მოადგილის მიმართ არ არსებობს. ის ადამიანი პროფესიონალურად მაღალ დონეზე ასრულებდა თავის მოვალეობებს. მისი პირადი გადაწყვეტილებით დატოვა სამთავრობო გუნდი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, საქართველოს პირველმა ვიცე- პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მისი მოადგილის რომეო მიქაუტაძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კითხვებს ძირითადად აჩენენ სატელევიზიო გადაცემები, რომლებიც, დიდწილად მიკერძოებულები არიან.
„ამასთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაცია იყო. მე გუშინ პირდაპირ ეთერში გავაკეთე ამაზე განცხადება, რომ არანაირი საფუძველი ამ სპეკულაციებს არ აქვს, არანაირი გამოძიება, დაკითხვა და კითხვები ჩემი პირველი მოადგილის მიმართ არ არსებობს. ის ადამიანი პროფესიონალურად მაღალ დონეზე ასრულებდა თავის მოვალეობებს, მისი პირადი გადაწყვეტილებით დატოვა სამთავრობო გუნდი, ჩვენი სამინისტრო და ეს არის ამომწურავი ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით. თუ რაიმე სხვა კითხვა არსებობს, ძირითადად ეს მოსაზრებები ეფუძნება ხოლმე კონკრეტულ გადაცემებში მოყვანილ მოსაზრებებს. ასე რომ, ეს გადაცემებია დიდწილად თვითონ მიკერძოებული, სამწუხაროდ, და აქედან გამომდინარეა ეს ფაქტი. ჩვენი სამინისტრო აგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას, მობილიზებული იმ გუნდით, რომელიც აქამდე სამინისტროში წლების განმავლობაში მუშაობდა“,- განაცხადა დავითაშვილმა.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, რომეო მიქაუტაძის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ ის პირადად იქნება ენერგეტიკის მიმართულების კურატორი.
„რაც შეეხება ენერგეტიკის მიმართულებით რომეო მიქაუტაძეს ვინ ჩაანაცვლებს, ამ ეტაპზე არავინ არ ჩაანაცვლებს. მე პირადად ვიქნები ენერგეტიკის მიმართულების კურატორი. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ამაზე მაღალი ლეგიტიმაცია ენერგეტიკის სფეროს ვერ ექნებოდა, როდესაც პირადად ქვეყნის ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ხელმძღვანელობს დარგს. შესაბამისად, ეს არის დემონსტრირება იმის, რომ ენერგეტიკის სფერო ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია, რაც შეეხება ცალკე უწყების საჭიროებას, მინდა გითხრათ, რომ იმ შემთხვევაში თუ სწორად ხდება მართვა, ამაზე უფრო მეტი შედეგის მიღწევა შეუძლებელია – როდესაც არის ძალიან ძლიერი სამინისტროს ნაწილი, ეს ამარტივებს კოორდინაციას სხვადასხვა უწყებასთან. იცით, რომ ამა თუ იმ სფეროს და სექტორის განვითარებას, სჭირდება ძალიან ბევრ მომიჯნავე სფეროსთან კოორდინაცია. ეს იქნება ქონების განკარგვის საკითხები და ა.შ. ეს ყველაფერი საჭიროებს ძლიერ პორტფელში ყოფნას. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა ენერგეტიკის სფეროს პრიორიტეტულობაა და ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, რომელზეც მთავრობა მუშაობს და ამ შემთხვევაში ჩვენი სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი, გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიზნის მისაღწევად, რომ ქვეყანა ენერგოდამოუკიდებელი გახდეს და იქ მნიშვნელოვანი ძვრები, რომლებიც ბოლო წლებში დაიძრა, არა თუ შენელდეს, არამედ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გაგრძელდეს და იმ მიზნებს მივაღწიოთ, რომელიც დასახული გვაქვს“,- განაცხადა დავითაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე – ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს – დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ

ანა ნაცვლიშვილი – 26 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება ძალა, უთხრას არა კორუმპირებულ მატყუარა რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და უთხრას კი ევროპას, ევროპულ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე – პარადოქსია, რომ კრემლთან კავშირის დაბრალებას იმ ხალხისგან ვისმენთ, რომელიც რუსული აქცენტით საუბრობს და რომელთაც პოლიტიკაში ფეხი გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს აიდგეს