უკრაინაში დაღუპული ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია საქართველოში დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია დღეს საქართველოში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ზურა წიკლაური დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ თავწყაროში დაკრძალეს, საგვარეულო სასაფლაოზე, გოჩა ჟვანია კი – სენაკის სოფელ თეკლათში. ორივე მათგანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია “ქართულმა ლეგიონმა” 1 თებერვალს გაავრცელა. დაღუპული სამხედროები ში აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ, იყვნენ 2008 წლის საქართველო-ს ომის მონაწილეები. ისინი ერთად ემსხვერპლნენ სავარაუდოდ აფეთქებას, ერთ-ერთი დავალების შესრულებისას.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ზურა წიკლაური უკრაინაში “ქართული ლეგიონის” შემადგენლობაში 2014 წლიდან იბრძოდა. უკრაინაში წასვლამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მონაწილეობა აქვს მიღებული 2008 წლის აგვისტოს ომშიც.
„მე მეამაყება, რომ ასეთი შვილი გავზარდე, მაგრამ გული მტკივა, რომ ნაადრევ ასაკში წავიდა. ალბათ ეს იყო ჩვენი ბედისწერა. მას უყვარდა საქართველო და ომში ამიტომ წავიდა“, – თქვა ზურას მამამ, დურმიშხან წიკლაურმა.
ზურა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2023 წლის ზაფხულში, სამი თვით იყო ჩამოსული საქართველოში.
„ვეუბნებოდით, რომ აღარ წასულიყო, მაგრამ ვერ გავაჩერეთ. გვითხრა, იქ უნდა წავიდე, სადაც ჩემი ძმები არიანო… იქ საქართველოს ბედი წყდებაო…“ – იხსენებს გარდაცვლილი სამხედროს მამა.
პროფესიონალი მებრძოლი იყო გოჩა ჟვანიაც, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ომების გარდა, მონაწილეობდა საერთაშორისო სამხედრო მისიებშიც.
„მას შემდეგ რაც “კომანდო” დაარსდა, სულ იქ იყო. 18 წლის იყო, ჯარში რომ წავიდა. ამის შემდეგ სულ ომობდა. ავღანეთშიც, აფრიკაშიც ომობდა. კოსოვოშიც იყო. სულ ბრძოლაში იყო. 2012 წელს დაასრულა აქ და წავიდა უკრაინაში. ომამდე. რა თქმა უნდა იქაც ჯარში იყო, შემდეგ ომმაც მოუწია. ომში დაიჭრა, მკურნალობდა, მაგრამ ჩემს ძმებთან უნდა დავბრუნდეო და ისევ უკან დაბრუნდა… ვიცით ის, რომ ბრძოლაში დაიღუპა, სხვა არაფერი ვიცით. აფეთქება მოხდა და ამ აფეთქებას შეეწირა. მასთან ერთად დაიღუპა მისი ძმაკაცი, მეგობარი [ზურა წიკლაური]. 2008 წლიდან ერთად მოდიან და ერთად დაიღუპნენ“, – უთხრა მედიას დაკრძალვის დღეს გოჩა ჟვანიას ბიძაშვილმა, გიორგი საფანაძემ. ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ გოჩა ოთხი თვის წინ უკრაინაში ისე დაიჭრა, რომ გერმანიაში დასჭირდა მკურნალობა. მკურნალობის შემდეგ რამდენიმე დღით ოჯახის სანახავად საქართველოში ჩამოვიდა და მალევე დაბრუნდა უკრაინაში, ფრონტის ხაზზე.
ზურა წიკლაურს დარჩა მეუღლე და ერთი შვილი. გოჩა ჟვანია კი დაოჯახებული არ ყოფილა.
უკრაინაში რუსეთმა ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.
ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. ამ დრომდე საომარ მოქმედებებს 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი გიგიაძე – წარმოუდგენელ მდგომარეობაში ვართ, როდესაც აღარავის უნდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრა, უუქმებენ ვახშამზე მოსაწვევს ამერიკის პრეზიდენტთან – ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ ამ ხელისუფლებასთან წყვეტს ურთიერთობებს