ადვოკატი – რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ გიორგი ორველაშვილს ბრალს დღეს წაუყენებენ

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ გიორგი ორველაშვილის ადვოკატის, ელდარ გვალიას განცხადებით, დაკავებულს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადვოკატი აცხადებს, ის ჯერ საქმის მასალებს არ იცნობს, არც ორველაშვილს შეხვედრია, შესაბამისად, დეტალებსა და გარემოებებზე ვერ ისაუბრებს.
„ჯერჯერობით, გარემოებები უცნობია, დღის მეორე ნახევარში წარუდგენენ ბრალს, ბრალდებულს ვნახავ რუსთავში და შემდეგ ჩამოვყალიბდები“, – განაცხადა გვალიამ.
სავარაუდოდ, ბრალს დღეს წაუყენებენ გიორგი ორველაშვილის ძმასაც. ის მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა გუშინ, გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იარაღი, საიდანაც გუშინ გასროლა განხორციელდა, გიორგი ორველაშვილის ძმის იყო.
მამაკაცის დაკავება „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად შენახვას გულისხმობს.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაჭრილია და კლინიკა „რუსთავშია“ მოთავსებული.
მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით