9 წლამდე პატიმრობა ემუქრება პირს, რომლის ზარმაც Wizz Air-ის ბორტი ქუთაისში დააბრუნა – პროკურატურა

პირს, რომელსაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების გაკეთებას ედავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებულს ბრალი პროკურატურამ უკვე წაუყენა.
საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, ეს არის პირი, რომლის სატელეფონო ზარმაც 14 თებერვალს ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნა. მგზავრებისა და ბორტის შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობაზე შეტყობინება ცრუ იყო.
როგორც მისმა ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
დაკავებულს ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). პროკურატურა ითხოვს სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდოს.
ბრალის წარდგენამდე რამდენიმე საათით ადრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა 1 პირის დაკავების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ