9 წლამდე პატიმრობა ემუქრება პირს, რომლის ზარმაც Wizz Air-ის ბორტი ქუთაისში დააბრუნა – პროკურატურა

პირს, რომელსაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების გაკეთებას ედავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებულს ბრალი პროკურატურამ უკვე წაუყენა.
საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, ეს არის პირი, რომლის სატელეფონო ზარმაც 14 თებერვალს ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნა. მგზავრებისა და ბორტის შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობაზე შეტყობინება ცრუ იყო.
როგორც მისმა ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
დაკავებულს ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). პროკურატურა ითხოვს სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდოს.
ბრალის წარდგენამდე რამდენიმე საათით ადრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა 1 პირის დაკავების შესახებ.
“აღნიშნულმა პირმა უნგრეთში მდებარე ავიაკომპანია „ვიზეარის“ სათავო ოფისში, სხვის სარგებლობაში არსებული ქართული მობილური ოპერატორიდან განახორციელა სატელეფონო ზარი კონკრეტულ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ”, – აღნიშნეს სუსში.
14 თებერვალს 12:45 საათზე ქუთაისის აეროპორტიდან აფრენილი Wizz Air-ის ბორტი, პილოტის გადაწყვეტილებით, დაახლოებით 10 წუთში უკან დაბრუნდა. ამ დროს თვითმფრინავში 148 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იყო.
მოგვიანებით ქუთაისის აეროპორტის განცხადებით გაირკვა, რომ “მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ”.
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში ამოწმებდნენ Wizz Air-ის ბორტსა და მგზავრებს. საბოლოოდ, გაირკვა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ შეტყობინება არ შეესაბამებოდა სიმართლეს.
ქუთაისი-ბარსელონის რეისი იმავე დღეს, დაახლოებით 6-საათიანი დაგვიანებით შესრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ