„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გედევან ფოფხაძე, რამდენიმე აქტივისტთან ერთად, პარლამენტის წინ შიმშილობას განაგრძობს.
გედევან ფოფხაძე პარლამენტის წინ 23-ე დღეა შიმშილობს.
გედევან ფოფხაძის თქმით, შესაძლოა, აქციის ორმა მონაწილემ შიმშილობა შეწყვიტოს, რადგან მათი მდგომარეობა რთულია.
„დღეს შიმშილობის აქციის 23-ე დღეა. ამ ეტაპზე 9 ადამიანი ვშიმშილობთ, მაგრამ 2-ის მდგომარეობა ოდნავ რთულია და შესაძლოა, მივიღოთ გადაწყვეტილება მათი შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე, დანარჩენები თავს კარგად ვგრძნობთ და მიგვაჩნია, რომ აქცია უნდა გაგრძელდეს და გაიზარდოს.
შიმშილობის აქცია კი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ჩვენ არამარტო პოლიტიკურ-სამართლებრივ გამოწვევების წინაშე ვართ, არამედ მორალური გამოწვევების წინაშეც. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არსებობს, საქართველო კი იზოლაციისკენ მიდის. ასეთი მოცემულობიდან გამომდინარე, ამ ყველაფერზე მძაფრი პროტესტი იქნება პასუხი, ჩვენ კი ამაზე მშვიდობიანი და რადიკალური ფორმა ვერ გამოვიგონეთ. ეს გზავნილია ჩვენი პარტნიორებისა და იმ ხალხის მიმართ, რომლებსაც გააზრებული აქვთ, თუ რაც ხდება ქვეყანაში – არაბების კონტრაქტი, ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევა, განათლების სისტემაში ცვლილებები, რომელიც აშკარად ამ სფეროს იზოლაციისკენ არის მიმართული და რომელიც დააზარალებს ჩვენს მომავალ თაობას, ეს ყველაფერი კი ხდება დე-ფაქტო რეჟიმის პარალელურად, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნა სურს.
ხელისუფლების ამოცანა ქვეყნის იზოლაციაა. შესაძლოა, ეს რაღაც ეტაპზე შანტაჟისა და ვაჭრობის ობიექტად გახადონ, მაგრამ ამით ცდილობენ, რომ ხაზი გაუსვან იმას, რომ არ აპირებენ ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების ანგარიშის გაწევას და რომ მათი თვითმიზანი ხელისუფლებაში დარჩენაა, ეს კი მათთვის ყველაფერზე აღმატებულია.
ეს ყველაფერი კი ყველა ავტორიტარული რეჟიმის ბოლო ეტაპია, ხოლო სიხისტით ცდილობენ თქვან – „ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ და თქვენ არათუ ანგარიშს გაგიწევთ, არამედ, პირიქით უარესს გავაკეთებთ”. ეს კი ავტორიტარული რეჟიმების ილუზიაა. მსოფლიოსგან იზოლაცია საერთაშორისო სუვერენიტეტის დაკარგვაა. ახალი არჩევნები კი ჩვენთვისაც გვინდა, ხალხისთვისაც და მათთვისაც. არალეგიტიმური ხელისუფლება არასრულფასოვან სახელმწიფოს ნიშნავს. ისინი გამოსავალს არ ეძებენ, ისინი ილუზიას იქმნიან, რომ თუ ბოლომდე იზოლაციაში იქნებიან, უსაფრთხოდ დარჩებიან, რომელიც მყიფე ილუზიაა“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ცნობისთვის, გედევან ფოფხაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას 28 ოქტომბერს მიმართა და შიმშილობა დაიწყო. ოპოზიციონერ ლიდერთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. მათი მოთხოვნაა, „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“. მათ დღეს აქტივისტი ისაკო დევიძეც შეუერთდა.




