“9 ნაბიჯი ევროპისკენ” – ლელომ ევროკავშირში ინტეგრაციის საკუთარი ხედვა წარადგინა

“9 ნაბიჯი ევროპისკენ” – ამ სახელწოდებით პარლამენტში, პარტია ლელომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა. პარტიაში აცხადებენ, რომ გეგმაში შემუშავებულია შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები, კანონპროექტები და კონკრეტული რეფორმები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ევროკავშირის 9 რეკომენდაცია.
“ლელოს გეგმა მოიცავს ათობით კონკრეტული ღონისძიების ჩამონათვალს, მათ შორის და არამხოლოდ: რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო არხებისა და რუსული ფონდების საქმიანობის აკრძალვას, ტროლების ქარხნის მუშაობის სქემის გამოძიებას, სპეციალური მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომისიის შექმნას, მედია წიგნიერების სავალდებულო სასკოლო საგნად დანერგვას, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის და დეზინფორმაციისგან დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყების განსაზღვრას, დეზინფორმაციასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან, სპეციალიზებულ სააგენტოებთან და სხვა”, – აცხადებენ პარტიაში.
პარტიაში აცხადებენ, რომ გეგმაში დეტალურად გაწერილია ყველა ის სათანადო ნაბიჯი და რეფორმა, რომელიც საჭიროა რეკომენდაციების დინამიკურად შესასრულებლად, კერძოდ:
· გეგმა გულისხმობს საქართველოს მიერთებას ევროკავშირის სანქციებთან ს წინააღმდეგ და საქართველოს დაცვის აქტის მიღებას, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აკრძალვას და სხვა ღონისძიებების გატარებას ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად.
· გეგმა მოიცავს შარლ-მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმას პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ინსტიტუციური ძალაუფლების დაბალანსებულად გადანაწილების თაობაზე, რიგი კომიტეტების თავმჯდომარეებად ოპოზიციის წარმომადგენლების არჩევას.
· გათვალისწინებულია პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება, როდესაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები რეგულარულად შეხვდებიან საზოგადოების, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებს და უპასუხებენ მათ შეკითხვებს. პარლამენტში გაუქმდება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 2023 წლის სექტემბერში ერთპიროვნულად მიღებული მედიის საქმიანობის შემზღუდველი უსაფრთხოების წესები.
· გათვალისწინებულია, რომ გატარდება შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესისა და საარჩევნო ბარიერის შესახებ, უზრუნველყოფილ იქნება ემიგრაციის ფართო ჩართულობა საარჩევნო პროცესში და ხმის მიცემის უფლება.