დედაქალაქიდან დასავლეთ საქართველოს სამი ქალაქის მიმართულებით ფოთის, ზუგდიდისა და ოზურგეთის მიმართულებით სარკინგზო რეისები 9 იანვრიდან აღდგება. ინფორმაციას ავრცელებს სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა“.
3 იანვარს საქართველოში მოსული თოვლის გამო „რთული მეტეოროლოგიური პირობების და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შექმნილი უამინდობის“ მიზეზით საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეისები შეჩერდა. ერთადერთი რეისი, რომელიც ამ დროის განმავლობაში მუშაობდა, თბილისიდან ბათუმში და ბათუმიდან თბილისისკენ მოძრავი შემადგენლობები იყო.
„გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ“, – კიდევ ერთხელ განაცხადეს რკინიგზაში დღეს, 5 იანვარს.
ამ განცხადებას სოციალურ ქსელში მგზავრები პასუხობენ:
· „რა ოპერატიულები ხართ, აი რას ნიშნავს მოდერნიზებული რკინიგზა“;
· „ნუ შლით კომენტარებს“;
· „როგორი დროული ინფორმაცია იყო!.. თქვენ თუ ასე მუშაობთ, ყოჩაღ!.. დღევანდელი მატარებელის ბილეთი მქონდა, თურმე, რეისი გაუქმებულია და ამის შესახებ არავინ მომაწოდა ინფორმაცია. უპასუხმგებლოებო!..“
· „ანუ ხალხი სადგურებზე უნდა მიიყვანოთ და მერე უთხრათ ეს ინფორმაცია, ფარ**კებო?“
უამინდობის მიზეზით თბილისიდან ფოთისკენ მიმავალი მატარებელი შეფერხებით მოძრაობდა რამდენიმე დღით ადრე, 30 დეკემბერსაც.
„კანტორა ხართ, მეტი არაფერი. საერთოდ უნდა გაუქმდეს თქვენი კომპანია. დღეს მოვდიოდი სენაკიდან. 8 საათზე ჩამოვედი სადგურში და მეუბნებიან, რეისი გაუქმდაო. არც მესიჯი, არც მეილი. ოპერატორი მეუბნება ჩვენი გვერდი შეგემოწმებინაო“, – დაწერა ერთ-ერთმა მგზავრმა საქართველოს რკნიგიზის ერთ-ერთ ფეისბუკპოსტზე.
საქართველოს რკინიგზამ „საუკუნის პროექტი“, რომლითაც უღლეტეხილის მონაკვეთზე ახალი ინფრასტრუქტურა მოაწყო, პრეზენტაცია 24 დეკემბერს გამართა. პროექტის ღირებულება დაახლოებთ ერთი მილიარდი ლარია. ღონისძებას უმაღლესი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.
ფორუმი




