სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო საქონლის (FMCG) ბაზარი საქართველოში სტაბილურად მზარდია, – ინფორმაციას ამის შესახებ Galt & Taggart-ი აქვეყნებს.
როგორც ორგანიზაციის ახალი კვლევიდან ირკვევა, 2025 წლის 9 თვეში FMCG ბაზარი წლიურად 10%-ით 17.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. აქედან, ბრენდული ქსელების შემოსავალმა 7.5 მილიარდი ლარი შეადგინა (ბაზრის 41.8%), რაც წლიურად 11.6%-იანი ზრდაა. ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო არსებული მაღაზიების გაყიდვების ზრდით და რეგიონალური ექსპანსიით. ამასთან, სხვა სავაჭრო ფორმატების შემოსავლები წლიურად 8.9%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ბრენდული მაღაზიების რაოდენობით რეგიონებმა გადაუსწრეს თბილისს. 2025 წლის 9 თვეში რეგიონებში 2,137 ბრენდული ქსელების მაღაზია ოპერირებდა, რაც წინა წელთან შედარებით 76 ერთეულით არის გაზრდილი და უკვე აღემატება თბილისის მაჩვენებელს (2,055 მაღაზია, სადაც ზრდა 9 მაღაზია იყო). შედეგად, რეგიონებში ბრენდული ქსელების შემოსავლები 2025 წლის 9 თვეში წლიურად 16.6%-ით გაიზარდა, ხოლო თბილისში ზრდამ 7.9% შეადგინა.
დეილი ჯგუფი კი რჩება ბაზრის უპირობო ლიდერად. მისი წილი ბრენდული ქსელების შემოსავლებში განსაკუთრებით მაღალია რეგიონებში, ხოლო თბილისში მცირედით უსწრებს ძირითად კონკურენტებს. დეილი ჯგუფის წილი შეადგენს ჯამური ბაზრის 29.1%-ს (რეგიონებში – 41.4%, თბილისში – 19.3%). ბაზრის მეორე პოზიციაზე გადავიდა ორი ნაბიჯი ბრენდული ბაზარის 18.1%-იანი წილით (თბილისში – 19.3%, რეგიონებში – 16.6%), მესამე ადგილზეა ნიკორა ჯგუფი 16.3%-იანი წილით (თბილისში – 19%, რეგიონებში – 13%). კარფური და აგროჰაბი მეოთხე და მეხუთე ადგილებს იკავებენ, შესაბამისად. საერთო ჯამში, ტოპ-5 კომპანიის წილი ბრენდული ქსელების შემოსავლებში 76%-ს შეადგენდა 2025 წლის 9 თვეში.
რაც შეეხება ელექტრონულ კომერციას, ონლაინ FMCG გაყიდვებმა 2025 წლის 9 თვეში 124 მლნ ლარი შეადგინა, რაც ბრენდული FMCG ბაზრის შემოსავლების 1.7%-ია. ონლაინ გაყიდვებში შეინიშნება აღმავალი ტენდენცია, თუმცა მისი წილი დაბალია ევროპის მსგავს ქვეყნებთან შედარებით (საშუალოდ 3.5%). Galt & Taggart-ის მოლოდინით, ონლაინ FMCG გაყიდვების წილი გაიზრდება და 2030 წლისთვის ბრენდული ქსელების შემოსავლის 4%-ს მიუახლოვდება.




