9 დეკემბერს დაგეგმილ მარშზე „ჩვენი ხმა ევროკავშირს“ რეკორდული მასშტაბის ევროკავშირის დროშა გაიშლება, რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
მარში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით გაიმართება და მასში მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლება. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, დროშაზე გამოსახული თითოეული ვარსკვლავი დამზადებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რაც გამოხატავს მთელი საზოგადოების მისწრაფებას და ევროპული ინტეგრაციისადმი ერთგულებას. ევროკავშირის დროშა ზომით 726 კვ მეტრი იქნება. „ხვალ გაიმართება მარში, რომელიც 14:00 სთ-ზე დაიწყება რესპუბლიკის მოედნიდან და ევროპის მოედანზე დასრულდება. სწორედ ევროპის მოედანზე სიმბოლურად გაიშლება ევროკავშირის ყველაზე დიდი, რეკორდული დროშა, რომელიც ახლა მზადდება. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, სიმბოლური და ისტორიული მომენტია. დღეს ნებისმიერ მსგავს სიმბოლურ გამოხატულებას და ნებისმიერ მხარდაჭერას, რომელიც საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე დიდი ძალა, რაც დღეს ქართულ სახელმწიფოს აქვს, ეს არის ქართველი ხალხი. მიუხედავად პროპაგანდისა, ქართველი ხალხის ნება ურყევია – ჩვენ გვინდა ევროკავშირი! გვსურს არა მხოლოდ ევროპას, არამედ მთელ მსოფლიოს გავაგონოთ, რომ ეს არის საქართველოს ისტორიული არჩევანი”,-განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ნოდარ ჩაჩანიძემ.
მისი თქმით, ხვალინდელ მარშზე ელოდებიან მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, საზოგადოებისთვის ცნობად სახეებს და ასევე, საქართველოს პრეზიდენტს.