“9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა” – 9 აპრილზე განცხადებაში, კობახიძემ რუსეთი არ ახსენა

ირაკლი 9 აპრილთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ამ დღეს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა “უცხოურმა ძალამ” განახორციელა.
მთელ განცხადებაში, კობახიძეს და მისი არმია არც ერთხელ უხსენებია:
“9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. ამავდროულად, 9 აპრილი არის დღე, რომელმაც გააერთიანა საქართველო, დღე როდესაც ქართველებს შორის სიყვარულმა სძლია სიძულვილს. 9 აპრილი, ასევე, არის დღე, როდესაც მონობაზე თავისუფლების იდეამ გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს, უნდა გავემიჯნოთ ყოველგვარ ძალადობას, დავამარცხოთ სიძულვილი და დავიცვათ თავისუფლების იდეა.
დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. დღესაც, რუსთაველის გამზირზე უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს, ცდილობს ხელოვნურად დაარღვიოს ერთიანობა ქართველებს შორის და ებრძვის თავისუფლების იდეას. თუმცა, 9 აპრილის გამოცდილებამ გვასწავლა, რომ უცხოური ძალის „არსება მოკლეა“ და სიძულვილსა და მონობაზე აუცილებლად სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს. დღეს, რუსთაველის გამზირზე უცხოურმა ძალამ სცადა ძალადობის პროვოცირება და როდესაც ამას ვერ მიაღწია, თავადვე იძალადა.
ჩვენ ვერ მივცემთ სიძულვილს დამატებით ენერგიას და ჩვენს ქვეყანას ავარიდებთ უცხოური ძალის მიერ დაგეგმილ, თუნდაც მცირე, პროვოკაციას. ვფიქრობთ, სწორედ ამას ელიან ჩვენგან 9 აპრილის გმირთა სულები, რომლებმაც სიყვარულისა და თავისუფლების იდეისთვის გაწირეს სიცოცხლე. მათ ხსოვნას ჩვენ დღეს სათანადო პატივს მივაგებთ. საქართველოში სიძულვილსა და მონობაზე სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს!”, – წერია კობახიძის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტარებთან განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა – გარწმუნებთ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დიდ ბრიტანეთშიც

ამირან გამყრელიძე – არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა – გადაწყვეტილების მიმღებებს გთხოვთ, თავი შევიკავოთ მეტი ესკალაციისგან და მოვნახოთ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს