36 წელი გავიდა საბჭოთა არმიის სამხედროების მიერ თბილისში მშვიდობიანი აქციის დარბევიდან.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დაარბიეს ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით.
დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად – ქალები. დაშავდა აქციის ასობით მონაწილე.
9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე საქართველომ აღიდგინა 1918 წელს მოპოვებული და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა.
1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. მის მიღებას წინ უძღოდა 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი, რომლის მონაწილეთა 99,08%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.
მოქალაქეებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მდებარე მემორიალთან.
ღამე რუსთაველის გამზირზე გაათენეს 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული აქციების მონაწილეებმა. ღამისთევის ინიციატორები იყვნენ დაპატიმრებული დემონსტრანტების მშობლები, რომლებმაც დააარსეს ახალი მოძრაობა „სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის“.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა დადეს დამოუკიდებლობისადმი ერთგულების ფიცი, რომელიც საოპერო ბანმა პაატა ბურჭულაძემ წაიკითხა.
ფორუმი
