9 აპრილის მემორიალთან პარაკლისი შესრულდა, რის შემდეგაც მოქალაქეებმა ფიცი დადეს

პარაკლისი სიმბოლურად 04:00 საათზე დაიწყო. მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან სანთლებით ხელში ილოცეს.
ამასთან, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა გმირთა მემორიალი ტიტებით შეამკეს.
პარაკლისის შემდეგ მოქალაქეებმა ფიცი დადეს. ფიცის ტექსტი პაატა ბურჭულაძემ წაიკითხა და აღნიშნა, რომ ფიცი იქნება გამაერთიანებელი და პროტესტი უფრო გამყარდება.
“დღეს 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, სადაც 36 წლის წინ ჩვენი შენი გმირები ლოცვით და სიმღერით იბრძოდნენ საბჭოთა ჯარების პირისპირ. საქართველოს თავისუფლებისათვის. მათი წამებული სულების წინაშე, რომლებიც დაგვცქერიან დღეს ჩვენ ვფიცავთ, დავიცავთ მათ მონაპოვარს, საქართველოს დამოუკიდებლობას, დავიცავთ თითოეულ მებრძოლს, სინდისის პატიმრებს.
არ მივატოვებთ სიმართლისათვის დევნილებს.
სიტყვით და საქმით სიყვარულით ხელს გავუწვდით მათ და მათ ოჯახებს.
მხარში ამოვუდგებით ერთმანეთს. ვიბრძოლებთ ბოლომდე ამ ქვეყნისა და ხალხის თავისუფლებისათვის
დაე, ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ დიდ ბრძოლაში”,- ნათქვამია ფიცის ტექსტში.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ღამის გათენებას აპირებენ.