9 კომპანიაზე ₾693 ათასამდე გაიცა – ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის შედეგები

„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში თანადაფინანსება ცხრა კომპანიამ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
პროგრამა ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით 2021 წლის სექტემბერში დამტკიცდა. მას სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით ახორციელებს. ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას მხოლოდ იმ კომპანიებისთვის ახორციელებს, რომლებიც ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა), პრიორიტეტულ ბაზრებზე ახორციელებენ.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს, თანადაფინანსების სახით, ჯამურად, 692.969 ლარი მიიღო ქართული ღვინის მწარმოებელმა ცხრა კომპანიამ: „ჯიველი“, „ვილა მოსავალი“, „თელიანი ველი“, „ვაზისუბნის მამული“, „მეღვინეობა ჩელთი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „თიკო ისთეით“ და „მეღვინეობა შუმი“.
პროგრამის პირობების თანახმად, აღნიშნულმა კომპანიებმა, მიზანმიმართული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა გაზარდეს ამერიკის, ევროპისა და აზიის ბაზრების მიმართულებით.
გასულ წელს პროგრამით თანადაფინანსება ხუთმა კომპანიამ მიიღო, ჯამურად 243,281.28 ლარის ოდენობით.