87-ე წუთი… “ტორპედომ” ფოთში მოიგო, “გაგრამ” “გარეჯთან” ქულა გადაარჩინა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 25-ე ტური დასრულდა. დღეს ორი მატჩი გაიმართა და ჯამში 10 გოლი გავიდა. ორივეში საკვანძო გამოდგა 87-ე წუთი… ტორპედო ფოთში ორჯერ აგებდა და საბოლოოდ გაიმარჯვა. გაგრა კი ორი ბურთის სხვაობით აგებდა გარეჯთან, მაგრამ ქულის აღება მოახერხა.
კოლხეთი 1913 2:4 ტორპედო
ფოთელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ქუთაისელებმა ორივეჯერ გაათანაბრეს, ხოლო მსაჯის დამატებულ წუთებზე კიდევ ორი გოლი მიამატეს და საბოლოოდ, 2:4… საინტერესოა, რომ ტორპედომ ბოლო ორ შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.
მასპინძლები დავით ფაღავას ზუსტი დარტყმით დაწინაურდნენ და ტაიმიც მოიგეს.
მეორე ნახევარში ტორპედომ ასე გაათანაბრა: სორი მანეს თავური მეკარე დემეტრე ბულისკერიამ მოიგერია და დამატებაზე მოჰამედ შერიფმა ძლიერი დარტყმით გაიტანა.
თუმცა კოლხეთი 1913 ისევ წინ გავიდა ნიკოლას-ნიკა კაპანაძის გამოზომილი დარტყმით…
ფოთელები 2:1-ს იგებდნენ 87-ე წუთამდე, მერე კი მასპინძელთა მცველმა აკაკი გიუნაშვილმა საკუთარ საჯარიმოში წააქცია ალეკო ბასილაძე. არბიტრმა აკაკი ფარჯიკიამ VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა პენალტი, რომელიც ბიორნ იონსენმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა…
მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე ტორპედოელი პაატა ღუდუშაური გაექცა მცველებს, გიუნაშვილმა კი წააქცია და ისევ პენალტი დაინიშნა, რომელიც ისევ იონსენმა აქცია გოლად – 2:3. პლუს, გიუნაშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენეს და გააძევეს.
ბოლოს კი ტორპედოს კაპიტანმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა საჯარიმო ზუსტად შეასრულა და 2:4. ეს მამუჩაშვილის პირველი გოლია ტორპედოს მაისურით.
გარეჯი 2:2 გაგრა
საგარეჯოელები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდნენ. ეს მათი ზედიზედ მეოთხე ფრეა. აი, გაგრას კი ამ ტურამდე მიჯრით 4 თამაში ჰქონდა მოგებული.
გარეჯი 21-ე წუთზე გიორგი გოგოლაშვილმა დააწინაურა. გოგოლაშვილმა ახლოდან დასწრებაზე ითამაშა კარგად.
ტაიმის ბოლოს არბიტრმა ირაკლი შენგელიამ VAR-ზე გადამოწმების მერე, გაგრას კარში პენალტი დანიშნა. ნიკა კაჭარავამ მოიპოვა ის პენალტი, ხოლო თორნიკე ძებნიაურმა თეთრი ნიშნულიდან ზუსტად დაარტყა და 2:0…
მე-60 წუთზე გაგრას მწვრთნელმა გიორგი ონიანმა შეცვლაზე შეიყვანა დავით გოცირიძე და ეს გამოდგა გადამწყვეტი: გოცირიძემ ორი გოლი გაიტანა, ორივეჯერ მარცხნიდან ჩაწოდების მერე თავურებით… ჯერ ვანდერსონ სილვას, მერე კი საბა ზოიძის პასით. ეს მეორე გოლი 87-ე წუთზე გავიდა. შეგახსენებთ, გოცირიძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელია.
erovnuliliga.ge
GEO TEAM : გეგუჩაძემ “იბერია 1999” დატოვა
[VIDEO] ს “დინამოს” “თელავთან” შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა