84 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი. ოჯახის განცხადების თანახმად, იგი ორშაბათს საღამოს გარდაიცვალა პნევმონიისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებების გამო.
„ათწლეულების განმავლობაში დიკ ჩეინი ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას, მათ შორის თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის, ვაიომინგის კონგრესმენის, თავდაცვის მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობებზე“, ნათქვამია განცხადებაში.
2001 წლიდან 2009 წლამდე, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს, ჩეინის აშშ-ის 46-ე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. ათწლეულების განმავლობაში ის გავლენიანი და საკამათო ფიგურა იყო ამერიკულ პოლიტიკაში.
ჩეინი რესპუბლიკური პარტიის კონსერვატიულ ფრთას ეკუთვნოდა, მაგრამ ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მწვავე კრიტიკოსი იყო. „ჩვენი ქვეყნის ისტორიის 246 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა ადამიანი, რომელიც ჩვენს რესპუბლიკას უფრო დიდ საფრთხეს უქმნიდა, ვიდრე დონალდ ტრამპი. მან ტყუილისა და ძალადობის გამოყენებით სცადა ბოლო არჩევნების მოპარვა, რათა ხელისუფლება შეენარჩუნებინა, მას შემდეგ, რაც ამომრჩევლებმა ის უარყვეს. ის მშიშარაა“, თქვა ჩეინიმ 2022 წელს.
შარშან მან გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას მისცემდა დემოკრატი პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისს. ამან ტრამპის მხარდამჭერებში აღშფოთება გამოიწვია.
CNN-ის ცნობით, ჩეინის ზრდასრული ცხოვრების უმეტესი ნაწილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებდა, ის გულის შეტევების სერიას გადაურჩა და 2012 წელს მას გულის გადანერგვა ჩაუტარდა.
ფორუმი




