8-12 ივლისს უწყებათაშორისი სწავლება “პარტნიორი 2024” გაიმართება

8-12 ივლისს საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანზიებით ხელვაჩაურისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში უწყებათაშორისო სწავლება პარტნიორი-2024 ჩატარდება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს, თუმცა განცხადებაში დაზუსტებული არაა, თუ რომელი ქვეყნები მიიღებენ წვრთნებში მონაწილეობას.
განცხადების მიხედვით, სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწას და სწავლება კრიზისული სიტუაციების სიმულაციური სცენარის მიხედვით წარიმართება.
“ადგილობრივ მოსახლეობას ვაცნობებთ, რომ სწავლების მოსამზადებელი სავარჯიშოები 8 ივლისს ორივე ლოკაციაზე გაიმართება. გენერალური რეპეტიცია დაგეგმილია 9 ივლისს ხელვაჩაურში, ხოლო 10 ივლისს – თეთრიწყაროში. წვრთნების დასკვნითი ნაწილი ჩატარდება 10 ივლისს ხელვაჩაურში, ხოლო 11 ივლისს – თეთრიწყაროში.” – წერია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ წვრთნებში მონაწილეების ჩამონათვალში მხოლოდ საქართველოს სამთავრობო უწყებებია ჩამოწერილი და არაა ნახსენები არც ერთი უცხოელი პარტნიორი, რომელმაც გასულ წელს მონაწილეობა მიიღო “პარტნიორი-2023”-ში. შარშან ამ სწავლებაში ჩართული იყო -ს არმიის საინფორმაციო და სამხედრო-სამოქალაქო ოპერაციების ჯგუფი, ასევე ლიტვის ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალები და თავდაცვის მოხალისეთა ორგანიზაციები.
“”პარტნიორი-2024″-ში მონაწილეობენ თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, სპეციალური ოპერაციების, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობების, სამხედრო პოლიციის სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. წვრთნებში, ასევე, ჩართულია შინაგან საქმეთა, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი სამსახურები. უწყებათაშორისი სწავლების მხარდამჭერები არიან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.” – წერია თავდაცვის სამინისტროს ახალ განცხადებაში.
ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსის, პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძის თქმით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სწავლება ჩატარდება ხანძარზე რეაგირებისა და ანტიდივერსიული ჯგუფების გამოვლენის მიზნით, ხელვაჩაურში კი – წყალდიდობის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე ივარჯიშებენ.
5 ივლისს პენტაგონმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აშშ-საქართველოს პარტნიორობის გადახედვის ფარგლებში და დასავლეთის მიმართ ქართული ოცნების ცრუ ბრალდებების ფონზე, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი 2024. ღირსეული პარტნიორის სწავლებები ბოლო წლების განმავლობაში ამერიკელი სამხედროებისა და ჯავშანტექნიკის მონაწილეობით პერიოდულად ტარდებოდა.