„მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის ნიშანია“, – ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრის, ამავე დროს, პარტიის მოქმედი თავმჯდომარის მეუღლის, კოტე იოსელიანის საჯარო ბოდიშს ბიძინა ივანიშვილის ვაჟისადმი და ოჯახის განმარტებას მუქარასთან დაკავშირებით.
„არ შეიძლება, რომ არ ვიყოთ ყველანი შეშფოთებულნი იმით, რაც მოხდა კოტე იოსელიანი შემთხვევაში“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი 9 ივნისს ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
„ადამიანმა რაღაც მოსაზრება, – შეიძლება არაკორექტული, – გამოთქვა 8 წლის წინ და დღეს ისჯება იმიტომ, რომ ეს ეხებოდა „შიშველი მეფის“ ოჯახს. ეს უკვე არის განაჩენი ამ რეჟიმისთვის“, – აცხადებს მეხუთე პრეზიდენტი.
„მეფე შიშველია“ არის ფრაზა XIX საუკუნის დანიელი მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის ერთ-ერთი ზღაპრიდან („იმპერატორის ახალი ტანსაცმელი“). ფრაზა გამოიყენება მეტაფორულად ისეთი ვითარების აღსაწერად, როდესაც სიმართლე ყველასთვის ცხადია, თუმცა ცოტა თუ ბედავს ამ სიმართლის ხმამაღლა წარმოთქმას.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას მიაჩნია, რომ „რეჟიმი ყოველდღიურად გვაჩვენებს, თუ როგორი შეშინებულია თვითონ“:
„[იგი] არამყარად დგას და აღარ იცის, რას მიმართოს, რათა ადამიანები დააშინოს, დაემუქროს, აუკრძალოს არა მხოლოდ ლაპარაკი, არამედ სიტყვების გამოყენება, თუნდაც Faceebook-ის პოსტებზე რაღაცების დაწერა“, – ამბობს ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში შექმნილი ვითარება ჩრდილოეთ კორეას შეადარა: „ეს არის სრული კონტროლის მცდელობა. მე მგონი, უკვე გადავედით ჩრდილოეთი კორეის დონეზე, – არ ვიცი, იქაც ამ დონის კონტროლი თუ არის“.
მისი თქმით, მომხდარი „მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის ნიშანია“.
„არ არსებობს რეჟიმი, – რაც უნდა დიქტატორული იყოს, – რომელსაც გააჩნია შიდა შემართება და აქვს ოდნავ მაინც თავისი მოსახლეობის მხარდაჭერა, და ასე იქცეოდეს. ამიტომ ჩვენ, ერთი მხრივ, უნდა დავგმოთ ეს მოქმედება, მაგრამ ამავე დროს ვიცოდეთ, რომ ეს არის მართლაც მათი განაჩენი“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
წინა დღეს, 8 ივნისს, კოტე იოსელიანმა, – რომელიც საჯარო სივრცეში ფაქტობრივად აღარ აქტიურობს, – ფეისბუკზე გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომლითაც მეორედ მოიხადა ბოდიში 2018 წლის საჯარო განცხადებაზე.
კერძოდ, კოტე იოსელიანის ბოდიში მიემართებოდა მის მიერ 2018 წელს გაკეთებულ საჯარო განცხადებას, რომელშიც ის მიანიშნებდა ბიძინა ივანიშვილის უფროს ვაჟს, უტა ივანიშვილსა და ერთ-ერთ ცნობილ საჯარო ფიგურას, პოლიტიკოს კაცს შორის არსებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე.
ამ განცხადებიდან მეორე დღესვე მან საჯარო ბოდიში მოიხადა. თავად განცხადებებში ის სხვების პირად ცხოვრებაზე გავრცელებულ ინფორმაციას „ქალაქში მოსიარულე ჭორებს“ მიაწერდა.
დღეს დილას, 9 ივნისს, იოსელიანის მეუღლემ, „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მისი ქმარი რამდენიმე საათის განმავლობაში „გატაცებული იყო“ და ხელმეორე ბოდიში ზეწოლის შედეგი იყო.
„მთელი ამ დროის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა მუქარა და მას ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით. მე მთელი ღამის განმავლობაში ვცდილობდი ჩემს მეუღლესთან დაკავშირებას, მას არ აძლევდნენ ტელეფონთან წვდომას“, – თქვა ბოკუჩავამ.
„ქართულ ოცნებაში“ იოსელიანისა და ბოკუჩავას ბრალდებებს „უნიჭო სპექტაკლი“ უწოდეს.
კოტე იოსელიანი პოლიციაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
„რაზეც ერთხელ უკვე მოხდილი მქონდა ბოდიში სამართლიანად, იმაზე მეორედ ბოდიშის მოხდა არ ყოფილა არანაირი მორალური თუ პრინციპული კომპრომისი, რაც მით უმეტეს, რომ განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას.
რუსული, მდაბიო, მოღალატეობრივი და ანტიქართული რეჟიმი უნდა განადგურდეს და ამაში ისევ იქ ვდგავარ, სადაც ყოველთვის ვიდექი“, – დღეს ფეისბუკზე ის ასე გამოეხმაურა განვითარებულ მოვლენებს.
