8-წლიანი თავგადასავალი დედის ძიებაში, პირადი ცხოვრება და საერთაშორისო აღიარება – თამუნა მუსერიძის ცხოვრების ამბები – Marao

ჟურნალისტმა მ, რომელიც არის ავტორი პროექტისა „ვეძებ“, ასობით ბიოლოგიური ოჯახი დააკავშირა ერთმანეთს. თამუნა თავადც ეძებდა ბიოლოგიურ ოჯახს და 8-წლიანი ძიების შემდეგ მან დედა იპოვა.
„რვაწლიანი ძიება დასრულებულია. მე ბიოლოგიური მშობელი ვიპოვე“, – ამბობდა თამუნა მუსერიძე პირველ სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში და აღნიშნავდა, რომ დედასთან შეხვედრამდე სხვა დეტალების გაზიარებას ვერ ახერხებდა. ცოტა ხნის წინ კი საკუთარ სოციალურ გვერდზე გააზიარა ვიდეო, სადაც ის ბიოლოგიურ მშობელს შეხვდა. “თამუნა უნდა იყოს მაგალითი რწმენის, მიზანდასახულობის და ბრძოლის ამ სამყაროში” – წერდნენ კომენტარებში.
“არ ვიცი, რა ამაღელვებდა ახლა ამ ამბავზე მეტად. არც ერთ შვილად აყვანილ ბავშვს არ უნდა უწევდეს იმის გადატანა, რაც თამუნა მუსერიძემ გაიარა ბიოლოგიური მშობლების ძიებაში. აუცილებლად გამოსაძიებელია ათწლეულების განმავლობაში ბავშვებით ვაჭრობის სისტემური დანაშაულები. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ამ ბრძოლაში დედები და შვილები მარტო არ იყვნენ”, – წერს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
თამუნა მუსერიძე ტელეწამყვანია და წლების განმავლობაში ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზე. სულ ცოტა ხნის წინ ეთერში მისი საავტორო გადაცემა „ვეძებ“ გავიდა, რომლის საშუალებითაც დაკარგული, გაყიდული ან გაშვილებული ადამიანები ოჯახის წევრების პოვნას ცდილობენ. თამუნამ სოციალურ ქსელში ჯგუფიც შექმნა, სადაც დაკარგული ახლობელი არაერთმა ადამიანმა იპოვა.
თამუნა მუსერიძე 1986 წელს დაიბადა. ტელევიზიაში მუშაობა 18 წლის ასაკში დაიწყო. ცხოვრებაში ყველაზე დიდი გარდატეხა კი 32 წლის ასაკში ეწვია, როცა დედის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ნაშვილებია.
“იმდენად ბედნიერი ბავშვობა მქონდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზღაპარში ვცხოვრობდი. 90-იანი წლების უშუქობა, უგაზობა და სიდუხჭირე საერთოდ არ მიგრძნია. მამაჩემი, შოთა მუსერიძე, ძალიან ხელგაშლილად ცხოვრობდა და მარტო თავის ოჯახს კი არა, ნათესავებსაც ხელს უმართავდა. დედა, მარინა კუხიანიძეც ყველაფერს აკეთებდა, რომ საფუძვლიანი განათლება მიმეღო. სკოლაში მაკითხავდა და თვითონ დავყავდი ინგლისურზე, რუსულზე, ხელოვნებათმცოდნეობაზე, ისტორიაზე. დედამ სამსახურს თავი დაანება და მთელი ცხოვრება შვილების განათლებას მიუძღვნა. მხოლოდ ერთხელ მიადგა ჩრდილი ამ ყველაფერს – როცა მითხრეს, რომ ნაშვილები ვიყავი, მაგრამ მაშინ არ დავიჯერე. რატომ? – ალბათ იმიტომ, რომ ჩემზე უმცროსი ძმა მყავს და მშობლებისგან წამითაც არ მიგრძნია, რომ მისგან მასხვავებდნენ. დედაჩემი მხოლოდ 33 წლის იყო, როცა შვილად ამიყვანეს, თან, მამაჩემს და მის დედას ძალიან ვგავდი. მოგვიანებით, გენეტიკური ანალიზით დადგინდა, რომ ჩვენ შორის დამთხვევა ნული პროცენტი იყო, მაგრამ მაშინაც არ შემპარვია ეჭვი, რომ ისინი ჩემი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ” – იხსენებდა თამუნა.
თავისი ბიოლოგიური მშობლების საპოვნელად ყველა გზას მიმართა და ამ ძიებაში იპოვა მტკიცებულებები იმისა, რომ 1950-იანი წლებიდან საქართველოში გაშვილების მასშტაბური შავი ბაზარი არსებობდა. მან “ფეისბუქზე” ჯგუფი “ვეძებ” შექმნა, რომელმაც უკანონო გაშვილების პრაქტიკაზე, კერძოდ, ჩვილების სამშობიაროდან წაყვანაზე, საჯარო დისკუსია გამოიწვია. მუსერიძის ორგანიზაციამ ასობით ოჯახის გაერთიანებას შეუწყო ხელი, თუმცა თავის ოჯახს კვლავაც ეძებს.
“ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2017 წელს “ფეისბუკზე” გავაკეთე გვერდი გაშვილებული ადამიანებისთვის. თავიდან ანონიმური იყო: ჩვენი ჯგუფის მიზანი გახლდათ ინფორმაციის გაზიარება გაშვილებულ ბავშვებს შორის. ერთმანეთს ამბებს და ემოციებს ვუზიარებდით. ძალიან ბევრმა მომწერა თავისი ცხოვრების შესახებ, არაერთი ადამიანი გამოგვეხმაურა და აღმოჩნდა, რომ ბევრი ბავშვი საეჭვო ვითარებაში იყო გაშვილებული. ეს ჩემს გადაცემებშიც ბევრჯერ მითქვამს: მშობიარობის შემდეგ დედას ეუბნებოდნენ, რომ გარდაცვლილი ბავშვი გააჩინა და მერე მოპარულ ჩვილებს აშვილებდნენ. ამის გარკვევის შემდეგ გადაცემის გაკეთების იდეაც გამიჩნდა. თავდაპირველად, ეს გადაცემა თათული ედიშერაშვილთან და კახაბერ შარტავასთან ერთად მიმყავდა. თავიდან ამ დანაშაულის მასშტაბს ვერც კი ვხვდებოდით. არ გვჯეროდა, რომ ეს წარმოუდგენელი ფაქტები არაერთ სამშობიაროში ხდებოდა!”
ამ საქმიანობამ თამუნას საერთაშორისო აღიარება მოუტანა და BBC დააინტერესა. 2023 წლის ასი ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ქართველი ქალია, რომელიც ამ სიაში აღმოჩნდა. თამუნამ 2017 წელს დააფუძნა “ფეისბუკჯგუფი” “ვეძებ” და ათეულობით ადამიანს აპოვნინა დედა, მამა, დედმამიშვილები, ნათესავები…
2024 წელს, ქალთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მუსერიძეს და კიდევ ოთხ ქალს ღირსების მედლები გადასცა.
თამუნას პირველი ქმარი რადიოს წამყვანი და მომღერალი აჩი ფურცელაძე გახლდათ. წყვილი ერთმანეთს მალე დაშორდა, თუმცა მეგობრული ურთიერთობა დღემდე შეინარჩუნა. ამის შემდეგ თამუნამ გუფიზე, იგივე გურამ მაკალათიაზე იქორწინა, რომელიც ბენდ ”ბანდეროლის” დრამერი იყო.
გუფისა და თამუნას საერთო შვილი – სანდრო ჰყავთ. ვერც ამ ოჯახმა გაძლო დიდხანს და მალე დაინგრა, რასაც ბევრი უსიამოვნება მოჰყვა.. თამუნა ინტერვიუში იმასაც ამბობდა, რომ გუფი ბავშვს ყურადღებას არ აქცევდა.
თამუნა მუსერიძე და მსახიობი სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე რამდენიმე წელია, რაც ცოლ-ქმარი არიან. მათ ორი საერთო გოგონა ჰყავთ. წინა ქორწინებიდან სანდროს გოგონა, თამუნას კი ვაჟი ჰყავს.
სანდროსა და თამუნას ურთიერთობის შესახებ ცნობილი 2015 წელს გახდა. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში დაშორებული იყვნენ, თუმცა, საბოლოოდ, შერიგდნენ.
“თამუნა ძალიან უცნაურად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ბევრი რამ მალე მოხდა. დრო ტყუილად აღარ გავფანტეთ. დაგეგმილი არ გვქონდა შვილები, ოჯახური ურთიერთობა, მაგრამ ყველაფერი თვითონ მოვიდა. ახლა ვხვდები, რატომაც. მსგავს თემებში მე ცოტა ზარმაცი ვარ. პროფესიაში – კი ბატონო, მაგრამ სხვა რამეებისკენ არ ვიხედებოდი. თამუნა იმდენად საქმოსანია, რომ მასთან ურთიერთობამ დამანახვა, რამხელა კონტრასტი იყო ჩვენ შორის. თან, საერთოდ არ არის მომთხოვნი. აბსოლუტურად არაფერს მოითხოვს შენგან. ამან უფრო იმოქმედა ჩემზე. იმდენად მშვიდია, იმდენად არაფერს ითხოვს, ეს ცოტა გამაღიზიანებელი იყო. მერჩივნა, ეთქვა, რა გამეკეთებინა, რით დავდგომოდი გვერდით. მაგრამ ჩემთვის მისი ჩუმად ყოფნა უფრო დიდი პასუხისმგებლობა აღმოჩნდა. თვითონ იმდენად ყველაფერს აკეთებს, ჩემთვის, ფაქტობრივად, საქმე აღარ რჩებოდა. ამან ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო. მინდოდა, გამომეხატა, რომ მე ვარსებობ და პასუხისმგებლობის აღება და გვერდით დგომა შემიძლია. როცა პირველ ქორწინებაში მამა გავხდი, ელენეს დაბადებიდან ძალიან მალე, სამწუხაროდ, ჩვენი ოჯახი დაიშალა. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა, მამა გავხდი, მაგრამ ბოლომდე ვერ მოვახერხე თავის გამოვლენა. ელენესთან ურთიერთობა არცერთი წამით არ გამიწყვეტია, მაგრამ, როცა ოჯახი ერთიანია, ეს სულ სხვა არის. რაც უნდა კარგი ურთიერთობა გქონდეს, ბავშვისთვის ძალიან რთულია. მეც ასე გავიზარდე და მშობლები რომ დაშორებულები არიან, ზუსტად ვიცი, რას გრძნობს ბავშვი. ამიტომ, როცა კიდევ მომეცა მამობის საშუალება და როცა ეს ოჯახურ გარემოში მოხდა, მეც აბსოლუტურად განსხვავებული აღმოვჩნდი. მაქსიმალურად ვცდილობ, რაც ელენესთან ვერ მოვახერხე, მარიანასთან და ანიტასთან გამომივიდეს. ეს მართლა სასწაული გრძნობაა, რასაც ყველა მშობელი კარგად მიხვდება. მინდა, ჩემი შვილებისთვის სრულყოფილი მამა ვიყო, თუკი ეს შესაძლებელია. მაგრამ სულ ვგრძნობ, რომ რაღაცას ბოლომდე ვერ ვაკეთებ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვცდილობ, საკუთარ თავთან მაინც უკმაყოფილების შეგრძნება მაქვს” – ამბობდა სანდრო.