8 ოპოზიციური პარტია 13 სექტემბერს საპროტესტო მსვლელობას გამართავს

8 ოპოზიციური პარტია 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობას გამართავს.
პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია 13 სექტემბერს ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბოს იმის სადემონსტრაციოდ, რომ „ივანიშვილის ბოროტმოქმედთა ბანდფორმირება“ საქართველოს და ქართველ ხალხს არ წარმოადგენს.
„31 აგვისტოს იწურება ევროკავშირის მიერ ივანიშვილის რეჟიმისთვის მიცემული ვადა ევროპაში უვიზო მიმოსვლის გადასარჩენად.
როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ვადაში ივანიშვილმა არათუ შემხვედრი ნაბიჯები გადადგა, არამედ კიდევ უფრო დაგვაშორა ევროპას და ასეც გააგრძელებს, სანამ ქართველი ხალხი არ მოვიკრებთ საკმარის ძალას რეჟიმის დასასრულებლად, რომლის რუსული ბუნებაც თვისებრივად შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალთან და შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების იდეასთან.
მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია და ვინც პატივს სცემთ საქართველოს მოქალაქეების უფლებას ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ ძალიან ბევრნი იმის სადემონსტრაციოდ, რომ ივანიშვილის ბოროტმოქმედთა ბანდფორმირება საქართველოს და ქართველ ხალხს არ წარმოადგენს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ამასთან, ელენე ხოშტარიამ მიმართა იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლას აპირებენ და მოუწოდა უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე.
„ამავდროულად, მოგმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ვისაც რეალურად აღელვებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი: ხელი აიღეთ რეჟიმის თანამზრახველობაზე ქართველი ხალხის მოტყუებაში, არ დაუშვათ შეცდომა, რომელიც დანაშაულზე უარესია, უარი თქვით 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე და დაუბრუნდით ერთობის თანმიმდევრულ გზას – პროტესტს და რეჟიმის მორალურ და პოლიტიკურ იზოლაციას მის დემონტაჟამდე – რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველოს და ქართულ ოჯახებს სამშვიდობოს გავიყვანთ თქვენთან ერთად, ან თქვენ გარეშე!
ვიკრიბებით 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საპროტესტო მსვლელობას გავმართავთ პარლამენტამდე.
ჩვენ ბევრნი ვართ და ვიბრძვით გამარჯვებამდე!“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი რუსულ სპეცოპერაციაა და არ გახდებიან რეჟიმის თანამზრახველი საქართველოს მოქალაქეების მოტყუებაში. ამის შესახებ ერთიანი პოზიცია აქვთ: „ნაციონალურ მოძრაობას“ ,„სტრატეგია აღმაშენებელს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, „დროას“, „ახალს“, „ფედერალისტებს“, „თავისუფლების მოედანს“, „ევროპულ საქართველოს“.
ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე განსხვავებული პოზიცია აქვთ „ლელოს“ და გახარიას პარტიას. ეს ორი პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ევროკომისიის მოთხოვნებზე – ეს მოთხოვნები დაფუძნებულია ტყუილზე, უსამართლობაზე – რომელ პოლიტიკურ პატიმრებზე მესაუბრებით, „მოლოტოვის კოქტეილებს“ რომ ესროდნენ პოლიციელებს, ცოცხლად რომ წვავდნენ?!