8 ოპოზიციური პარტია 13 სექტემბერს მსვლელობას აანონსებს

ადგილობრივი სადმი ბოიკოტში მყოფი 8 ოპოზიციური პარტია 13 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას აანონსებს.
განცხადებაში, პარტიები დანარჩენ ოპოზიციას, რომლებიც აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობას იღებენ, მოუწოდებენ, უარი თქვან “4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე” და დაუბრუნდნენ ერთობას.
“31 აგვისტოს იწურება ევროკავშირის მიერ ივანიშვილის რეჟიმისადმი მიცემული ვადა ევროპაში უვიზო მიმოსვლის გადასარჩენად. როგორც მოსალოდნელი იყო, რეჟიმმა არათუ არცერთი ნაბიჯი არ გადადგა ამისთვის, არამედ კიდევ უფრო დაგვაშორა ევროპას, ევროპულ დღის წესრიგს და ეს იქნება ასე, რადგან ეს რუსული რეჟიმი არის თვისობრივად შეუთავსებელი ჩვენს ევროპულ დღის წესრიგთან, ჩვენს ევროატლანტიკურ დღის წესრიგთან, ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან, დამოუკიდებლობასთან და ევროპულ მომავალთან. შესაბამისად, ეს იქნება ასე, სანამ ჩვენ არ მოვიკრებთ საკმარის ძალას, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა და არ დავასრულებთ ამ რეჟიმს.
აქედან გამომდინარე, მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია და ვინც პატივს სცემს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ, ვიყოთ ძალიან ბევრნი, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ რუსული რეჟიმი არ წარმაოდგენს ქართველ ხალხს, რუსული რეჟიმი არ წარმოადგენს საქართველოს.
ამასთანავე, მოგმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ვისაც რეალურად აღელვებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი, ხელი აიღეთ რეჟიმის თანამზრახველობაზე ქართველი ხალხის მოტყუებაში. არ დაუშვათ შეცდომა, რომელიც დანაშაულზე უარესია. უარი თქვით 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე და დაუბრუნდით ერთობას.
ვკრიბებით 13 სექტემბერს 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და პარლამენტამდე მოვდივართ მარშით. ჩვენ ბევრნი ვართ და ვიბრძვით გამარჯვებამდე!”, – განაცხადეს ოპოზიციურმა პარტიებმა.