რუსთაველის გამზირზე “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ 8 ოპოზიციური პარტიის საერთო განცხადება წაიკითხა.
პარტიები აცხადებენ, რომ არ აპირებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, რადგანაც ეს არ ემსახურება მოსახლეობის ინტერესებს და ქართული ოცნების ხელისუფლებას “ლეგიტიმურობის ფასადს შეუქმნის.”
ელენე ხოშტარიამ ასევე განაცხადა, მასთან ერთად ის სხვა პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე შიმშილობდნენ, პროტესტის ამ ფორმას წყვეტენ.
“ჩვენ საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, რომელთა მიზანიც არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის სრული დემონტაჟი, საქართველოს დამოუკიდებობისა და სუვერენიტეტის დაცვა, ევროპული ტიპის დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემოსა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის შექმნა, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ერთობლივად ვაცხადებთ:
1. უარს ვამბობთ ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს და მხოლოდ ლეგიტიმურობის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს.
2. ვაცნობიერებთ ერთობლივი მოქმედებების აუცილებლობას და ვაცხადებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით, მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული, ოლიგარქიული სისტემის დასასრული.
გვჯერა, რომ გამარჯვების გზა რეჟიმთან სრულ არათანამშრომლობაზე გადის. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვაგრძელებთ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას ბოლომდე. ამ სულისკვეთებით და მიდგომით, მე ძალიან მიხარია, რომ ვწყვეტ შიმშილობას და ვწყბეტთ ყველა ერთად. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ გადავიდეთ ძალიან აქტიურ ბრძოლის ფაზაზე”, – აღნიშნულია ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებას უერთდებიან შემდეგი ოპოზიციური პარტიები:
· “ნაციონალური მოძრაობა“
· „ევროპული საქართველო“
· „სტატეგია აღმაშენებელი“
· „გირჩი“
· „ახალი“
· „თავისუფლების მოედანი“
· „ფედერალისტები“
· „დროა“