8 მაისის თავდასხმებზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

წუხელ თბილისში სამ ადამიანზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. როგორ -ში უთხრეს რადიო თავისუფლებას გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის სხვადასხვა ქვეპუნქტებით.
რადიო თავისუფლების კითხვაზე არიან თუ არა იდენტიფიცირებული სავარაუდო დამნაშავეები ან ხომ არ დაუბარებიათ ვინმე გამოკითხვაზე, უწყებაში უპასუხეს, რომ დამატებით ინფორმაციას საგამოძიებო ღონისძიებების მიხედვით მიაწვდიან.
გასულ ღამით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა თბილისში, ქუჩაში, თავის საცხოვრებელ სახლებთან ფიზიკურად იძალადეს „აგენტების კანონის” მოწინააღმდეგეებზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გია ჯაფარიძეზე, აქტივისტ ლაშა ღვინიანიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანზე.
პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დიმიტრი ჩიქოვანი, კვლავ კლინიკაში რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მას სახის და ქალა ტვინის ტრავმები აქვს.
კლინიკაშია „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ბაიკერი ლაშა ღვინიანიძეც.
თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე უცხო ნომრიდან, რომლითაც ბოლო ორი დღეა მასობრივად ურეკავენ ადამიანებს და აგინებენ, ჯერ ლაშას დედას დაურეკეს, შემდეგ მის 72 წლის მამას. საღამოს კი, ცემამდე ცოტა ხნით ადრე, უცხო ზარი მის ტელეფონზეც გაისმა. ხმა არავის ამოუღია, მხოლოდ სიჩუმე ისმოდა. რამდენიმე წუთში კი, ლაშას და მის მეგობარს უცხო ადამიანები მიუახლოვდნენ და ცემა დაუწყეს.
თავდასხმას ლაშას მეუღლეც შეესწრო, რომლის კივილზეც მეზობლები გამოვარდნენ და თავდამსხმელები გაიქცნენ.
ფიზიკური ძალადობის გარდა, 9 მაისს, ღამის საათებში, თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან გაჩნდა წარწერები და პოსტერები.
„აგენტების კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებზე, ჯერჯერობით დაუდგენელი პირების მხრიდან ბოლო დღეებში არაერთი თავდასხმა იყო. სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა”.
7 მაისს უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” აღმასრულებელ დირექტორ გიორგი კლდიაშვილს და ტელეკომპანია „ფორმულის“ გადამღები ჯგუფის წევრებს. 3 მაისს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს.

ასევე დაგაინტერესებთ