პროევროპული აქციების პირველ დღეებში თბილისში, რუსთაველის მეტროსთან სპეცრაზმელის ნაცემი ზვიად მაისაშვილი დაზარალებულად ცნეს. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს სტატუსი რამდენიმე დღის წინ მიიღო. მას სამართლებრივ დახმარებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალიური სამართლიანობის ცენტრი“.
ზვიად მაისაშვილს სპეცრაზმი ფიზიკურად 30 ნოემბერს გაუსწორდა – მას წიხლებს ურტყამდნენ სახის არეში. მიღებული მძიმე დაზიანებებით, მათ შორის მოტეხილობითა და ტვინის შერყევით, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაზარალებული რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ძალადობის შესახებ მას საგამოძიებო სამსახურიდან სწორედ კლინიკაში ყოფნის დროს დაუკავშირდნენ, ამოიღეს მისი დასისხლიანებული ტანსაცმელი. გარდა ამისა, აიღეს მისი ნერწყვის ნიმუში იმის დასადგენად, რომ ტანსაცმელზე არსებული სისხლის კვალი მას ეკუთვნოდა.
ზვიად მაისაშილი იმ დღეს რუსთაველზე ძმასთან ერთად მივიდა. ძმები მაისაშვილები ისე, როგორც იმ დღეს პარლამენტთან მყოფი ათიათასობით ადამიანი, აპროტესებდნენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებაში მყოფი პარტია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივი გზით იმ დღესაც დაშალა. აქციის დაშლის დროს შექმნილი უკონტროლო ვითარების გამო ზვიად მაისაშვილი რუსთაველის მეტროსკენ გაიქცა, სწორედ ამ დროს იძალადეს მასზე. იმ ღამეს სპეცრაზმმა იძალადა მის ძმაზეც, რომელიც მოგვიანებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
როგორც რადიო თავისუფლებას „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი მარიამ პატარიძე ეუბნება, დაზარალებულის სტატუსი პროკურატურამ ორივე მათგანს მიანიჭა.
დაზარალებულის სტატუსის მიღების შემდეგ გამომძიებლები დემონსტრანტსა და მის იურისტს საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევენ.
პროევროპული აქციების პირველ კვირებში საპოლიციო ძალებმა ათობით დემონსტრანტსა და ჟურნალისტზე იძალადეს. მათ ნაწილს ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდათ. ამ დრომდე მოძალადე პოლიციელებს შორის არავინ არის დასჯილი.
ფორუმი
