8 თვეში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 49 მოვაჭრე ₾105 000-ით დაჯარიმდა – GCCA

2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სხვადასხვა სფეროში 49 მოვაჭრე ჯამში 105 000-მდე ლარით დაჯარიმდა.
სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტებს, რომლის საფუძველზეც, GCCA-ის გადაწყვეტილებების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ – თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ამასთან, GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2025 წლის აგვისტოში, 9 მოვაჭრე 71 625-მდე ლარით დაჯარიმდა.
“აგვისტოში, მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შესრულდა. შესაბამისად, GCCA-ის მიერ დაჯარიმდა: შპს „აიფონ ჯორჯია“ – 30 774 ლარით; შპს „მოტიფი“ – 33 927 ლარით; ფ/პ მზია გორდულაძე – 600 ლარით; შპს „ლეკი“ – 2722 ლარით; ი/მ გიორგი ზაქარაძე – 600 ლარით; ფ/პ რევაზ კალაძე – 600 ლარით; ფ/პ ზურაბ ნამგალაძე – 1200 ლარით; ფ/პ ალექსანდრე ბარამიძე – 600 ლარით; შპს „კლინიკა ჰელსი და კომპანია“ – 600 ლარით”, – ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
GCCA-ის განმარტებით, ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება მას შემდეგ იწყებს, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ – კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.