8 დემონსტრანტის საქმეზე თამარ მჭედლიშვილმა განაჩენი გამოაცხადა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭელიშვილმა განაჩენი გამოაცხადა 8 დემონსტრანტის საქმეზე [ ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, თორნიკე გოშაძის, ინსაფ ალიევის, ირაკლი მიმინოშვილის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის], რომლებსაც გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავებოდა.
თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით:
· ზვიად ცეცხლაძე მუხლის გადაკვალიფიცირების შემდეგ დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის 226-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობას. მას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ეს დანაშაული სასჯელის უმაღლეს ზომად 3 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
· ამავე მუხლით გადაუკვალიფირდათ დანაშაული ვეფხია კასრაძეს და ვასილ კარძელაშვილს და მათაც 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ.
· ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, გიორგი გორგაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს და ირაკლი მიმინოშვილს 2- 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მათ შემთხვევაშიც ბრალი 226-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა.
მოსამართლის გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ საქმეში ჯგუფური მოქმედების პრინციპი კვლავ დარჩა, თუმცა დაკავებულ დემონსტრანტებს არ დაუმტკიცდათ იმგვარი ჯგუფური ძალადობა, რასაც თან ახლავს „ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა“.
225-ე მუხლი, რომელიც თამარ მჭედლიშვილმა 226 მუხლად გადააკვალიფიცირა, უფრო დიდ სასჯელს ითვალისწინებს – 6-დან 9 წლამდე პატიმრობას.
ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ ჯგუფური ძალადობის მუხლით გამოძიება 2025 წლის 3 დეკემბერს გამოძიება დაიწყო.
ამ საქმეზე პროკურატურა ამტკიცებს, რომ პარტია „ლელოს“ წევრები, 51 წლის ვასილ კაძელაშვილი და 53 წლის ვეფხია კასრაძე, 20 წლის სტუდენტ ზვიად ცეცხლაძესთან ერთად ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორები არიან. ეს ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურის ვერსიით, ამ სამი ორგანიზატორის მიერ შემუშავებული ჯგუფური ძალადობის გეგმის მონაწილეები და განმახორციელებლები იყვნენ ბრალდებულები: 19 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი, 20 წლის გიორგი გორგაძე, 25 წლის თორნიკე გოშაძე, 20 წლის ირაკლი მიმინოშვილი და 34 წლის ინსაფ ალიევი. მათ საქმეებს სასამართლო ერთად განიხილავს.
გამოძიება იმავე ჯგუფში მოიაზრებს ბრალდება ჯგუფური ძალადობის მეორე საქმეზე დაკავებულ 11 პირსაც. „პარალელური კლასის” – როგორც ადვოკატები უწოდებენ – ბრალდებულებს შორის არიან: 29 წლის ანდრო ჭიჭინაძე, 28 წლის ონისე ცხადაძე, 34 წლის გურამ მირცხულავა, 21 წლის ლუკა ჯაბუა, 50 წლის ჯანო არჩაია, 27 წლის რუსლან სივაკოვი, 26 წლის რევაზ კიკნაძე, 54 წლის გიორგი ტერიშვილი, 27 წლის ვალერი თეთრაშვილი, 27 წლის სერგეი კუხარჩუკი და 30 წლის ირაკლი ქერაშვილი.
არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს – სასამართლოში განხილვებისას არ ჩანდა კავშირი არც დაკავებულ დემონსტრანტებს შორის, რაც ჯგუფური ძალადობის შემთხვევაში აუცილებელი გარემოებაა და ვერც მოწმედ გამოცხადებული პოლიციელები ვერ ასახელებდნენ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც მათ აქციებზე ზიანი მიაყენეს.
ფორუმი