72 წლის თათული დოლიძის ულამაზესი ფოტოსესია – Marao

თათული დოლიძე ყველასთვის საყვარელი, ცნობილი მსახიობია. მაყურებელი იცნობს რუსთაველის თეატრში შესრულებული როლებიდან და ასევე, რამდენიმე სატელევიზიო პროექტიდან, რომლებშიც მეუღლესთან – ასევე ცნობილ მსახიობ ჟანრი ლოლაშვილთან ერთად ჩანდა ხოლმე.
ამჯერად მსახიობის ფოტოებს ჟურნალის “სითი” აქვეყნებს და ინტერვიუდან პატარა ამონარიდს გვთავაზობს:
“მსახიობობა რომ გადავწყვიტე…
პირველი კურსის პირველი სემესტრის ბოლო იყო. მანამდე მსახიობობაზე არ მიფიქრია. ეს გადაწყვეტილება ორმა არაჩვეულებრივმა პედაგოგმა, გიგა ლორთქიფანიძემ და გიზო ჟორმ მიმაღებინა. რუსთაველის თეატრში კი, თემურ ჩხეიძემ მიმიყვანა.”
თათული დოლიძე 1952 წელს დაიბადა თბილისში. ძვირფას მოგონებად შემორჩა ძველი სახლი და ერთ ჭერქვეშ თავმოყრილი მთელი ნათესაობა – ბიძები, მათი შვილები, დედა, მამა და სამი დედმამიშვილი. იმ წლებმა ერთმანეთის სიყვარულში ჩაიარა.
საინტერესო და სახალისო იყო ოჯახის წევრების ურთიერთობა და დიდი გაკვეთილიც. დღემდე უკვირს, როგორ ახერხებდნენ უკონფლიქტო თანაარსებობას. სიმშვიდე – ყველაზე მეტად ეს ახსენდება.
“იქნებ დრო იყო ასეთი, – თავისთვის ჩაფიქრდება და პასუხსაც პოულობს, – ის თაობა იყო, რომელმაც ომი გამოიარა. გაჭირვებისა და ომის ქარცეცხლის შემდეგ სიმშვიდე ძვირფასი მონაპოვარი იყო, რომელსაც ყველა უფრთხილდებოდა” – იხსენებდა მსახიობი.
ოჯახს არ უჭირდა, თუმცა არც ფუფუნებაში იზრდებოდა. არც მომთხოვნი იყო. რაც სკოლის მოსწავლეს სჭირდებოდა, ყველაფერი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან კარგად მღეროდა და ცეკვავდა, მსახიობობაზე არასდროს უფიქრია.
მამის ბიძაშვილი რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. თათული მაშინ პატარა იყო და ამაზე არ დაფიქრებულა. მერე, როცა თავადაც თეატრს დაუკავშირა პროფესია, მსახიობის სულიერი განცდა მისთვისაც ნაცნობი აღმოჩნდა.
დამამთავრებელ კლასში მოსკოვში წასვლა და უნივერსიტეტში უცხო ენების ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა. გამოცდებზე ქულა დააკლდა და თბილისში დაბრუნდა. ამ მარცხს თათული დიდად არ აუღელვებია, მაგრამ…
მისი მეგობრები სტუდენტები გახდნენ და თათულის მომავალზე დედა ძალიან დარდობდა. დედის მეგობარმა, რომელიც თეატრალურ ინსტიტუტში მუშაობდა, თათულის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება შესთავაზა: თუ აღარ მოგინდება, საბუთები უნივერსიტეტში გადაიტანეო.
“ამ შემოთავაზებამ ძალიან დამაბნია. მასწავლებლისთვის ჩაბარებულ გაკვეთილებს თუ არ ჩავთვლით, საჯაროდ ლექსი არასდროს წამიკითხავს. ძალიან მორცხვი ვიყავი და ყველაფრის მერიდებოდა”. – იხსენებს მსახიობი.
დღესაც ყველაზე მეტად მშობლების დამოკიდებულება აოცებს. სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება თავად რომ ნდომებოდა, შეიძლება წინააღმდეგობა გაეწიათ, მაგრამ ამ შემოთავაზებას სიამოვნებით დათანხმდნენ.
მიაჩნია, რომ სამსახიობო ფაკულტეტზე შემთხვევისა და ბედისწერის წყალობით აღმოჩნდა. სწავლის პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობდა. ხელოვნება ყოველთვის უყვარდა და აინტერესებდა, ამიტომ უნივერსიტეტში საბუთების გადატანაზე აღარც უფიქრია.

ასევე დაგაინტერესებთ