700-მდე მომხმარებელი და 60-ზე მეტი წვეულება — როგორი შედეგები აქვს clubnparty-ის?

ღამის ცხოვრების კუთხით, თბილისი ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია მსოფლიოში, რაც დასტურდება, როგორც დედაქალაქში არსებული მრავალფეროვანი კლუბების რაოდენობით, ასევე ხარისხით, რომელსაც არაერთი საერთაშორისო გამოცემა აღიარებს.
ცოტა ხნის წინ, საქართველოში ახალი აპლიკაცია — clubnparty გამოჩნდა, რომლის მიზანი გართობის მაძიებელი ადამიანების წვეულებების ორგანიზატორებთან დაკავშირებაა. თუმცა ბილეთების გაყიდვის ტრადიციული პლატფორმებისგან განსხვავებით, clubnparty სახლის წვეულებების გაციფრულებას გეგმავს. როგორც clubnparty-ის თანადამფუძნებელმა, შიო ხეცურიანმა TECH INFORM-ში განაცხადა, ამ დრომდე, აპლიკაციას 700-მდე აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც პლატფორმაზე განთავსებულ 60-ზე მეტ წვეულებას დაესწრნენ.
“ამ დროისთვის, 700-მდე აქტიური მომხმარებელი გვყავს. მომხმარებელთა რაოდენობის მატებასთან ერთად, იმატებს clubnparty-ში განთავსებული წვეულებების რაოდენობა. ამ შაბათ-კვირას აპლიკაციაში ცხრა წვეულება განთავსდა და ახლა დამატებით წვეულებებს ველოდებით, რომლებიც, აპლიკაციაში, როგორც წესი, ოთხშაბათის და ხუთშაბათის პერიოდში ქვეყნდება. თბილისში მცხოვრებმა რამდენიმე ადამიანმა clubnparty-ის შესახებ უკვე მითხრა, რაც გვახარებს. თბილისში ვიწყებთ, მაგრამ მოგვიანებით ს გატანას ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ვგეგმავთ.
სახელიდან გამომდინარე, აპლიკაცია გართობაზე არის ორიენტირებული. clubnparty-ზე შეიძლება იპოვოთ, როგორც დღის განმავლობაში გასამართი აუზის წვეულება, ასევე ღამით გასამართი შეკრებები. შედეგად, ამ აპლიკაციით მხოლოდ კონკრეტულ ნიშს ვიკავებთ და სხვა ტიპის ღონისძიებებს არ ვმართავთ. clubnparty-ის ერთ-ერთი განმასხვავებელი ისაა, რომ აპლიკაციის სამიზნე აუდიტორია წინასწარ არის შერჩეული და ისეთ ადამიანებს მოიცავს, რომელთაც გართობა იმავე საღამოს ან მეორე დღეს სურთ”, – განაცხადა შიო ხეცურიანმა TECH INFORM-ში.
როგორც clubnparty-ის თანადამფუძნებელმა BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში განაცხადა, ამ დროისთვის iOS-ის სისტემაზე აპლიკაციის ბეტა ვერსიაა გაშვებული. შიო ხეცურიანის თქმით, clubnparty-ის გამოყენებით ორგანიზატორებმა უკვე 60-ზე მეტ წვეულებას უმასპინძლეს, რომელთა უმეტესობა კლუბების მიერ იყო ორგანიზებული. უახლოეს მომავალში კომპანია გადახდის ფუნქციონალის დამატებას აანონსებს, რაც მომხმარებელს სახლის წვეულებების გაციფრულების და ამ გზით, შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს.