„70 მლნ ლარის სახელმწიფო სუბსიდია 2023-2024 წლებში ჩასატარებელი კონცერტებისთვის“ – 6 წელში „ბლექ სი არენას“ ზარალმა 25 მლნ ლარი შეადგინა

Aerosmith, The Scorpions, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Black Eyed Peas, Jessie J და Thirty Seconds to Mars – ლეგენდარული ჯგუფებისა და არტისტების სია, რომელთაც „ბლექ სი არენამ“ 8 წლის განმავლობაში უმასპინძლა, გრძელია, თუმცა საკონცერტო დარბაზის კარები თითქმის 4 წლის განმავლობაში დახურული იყო. 10 000-მდე მაყურებელზე გათვლილი სივრცე საერთაშორისო მუსიკალური სცენის ვარსკვლავებს კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ვეღარ იღებდა და წლების განმავლობაში ზარალზე და სახელმწიფოს მილიონიან სუბსიდიაზე იყო.
„ბლექ სი არენა ჯორჯიასთვის“ გასული წელი დაგეგმილი კონცერტების გარდა, გამორჩეული იმითაც იყო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიით არ უსარგებლია. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ კომპანიამ სათანადო დაფინანსება ჯერ კიდევ 2022 წლის ბიუჯეტიდან მიიღო.
როგორც კომპანიის 2022 წლის ფინანსურ ანგარიშში ვკითხულობთ, 2022 წლის დეკემბერში „ბლექ სი არენამ“ მიიღო სახელმწიფო სუბსიდია (70 მლნ ლარი), რომელიც მიეკუთვნება 2023-2024 წლებში ჩასატარებელი კონცერტების სუბსიდირებას.
„შემოსავლის მკვეთრი შემცირება 2022 და 2021 წლებში გამოიწვია რეგიონში შექმნილმა დაძაბულმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ და პანდემიამ. გასულ საანგარიშგებო პერიოდში პანდემიურმა შეზღუდვებმა ხოლო მიმდინარე პერიოდში რეგიონში შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო კომპანიას მოუწია დაანონსებული კონცერტების გაუქმება, რის გამოც 2022 და 2021 წელს კომპანიის წმინდა ზარალმა შეადგინა 3,193 მლნ და 5,019 მლნ ლარი.
კომპანიის საოპერაციო ხარჯები ყოველწლიურად ფინანსდება სახელმწიფო სუბსიდიით, იმ მიზნით, რომ კომპანიას არ დადგეს ფუნქციონირებადობის შეჩერების რისკის წინაშე, ასევე 2022 წლის ბოლოს კომპანიას უკვე მიღებული აქვს 2023 წლის საოპერაციო დანახარჯების დასაფინანსებლად გამიზნული სახელმწიფო სუბსიდია.
2022 წელს კომპანიამ მიიღო 70 მლნ ლარი 2023-2024 წლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზების მიზნით. აღნიშნული თანხა მოიცავს, როგორც არტისტების ჰონორარებს, ასევე ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს.
2022 წლის შემოსავალმა შეადგინა 9,849 მლნ ლარი, რაც 120%-ით აჭარბებს 2021 წლის ანალოგიურ მონაცემს. შემოსავლის 93% შედგება სახელმწიფოსგან მიღებული სუბსიდიისგან“, – ნათქვამია 2022 წლის ფინანსურ ანგარიშში.
კონსოლიდირებული აუდიტორული ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2017-2022 წლები „ბლექ სი არენასთვის“ ზარალიანი იყო. ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“-ს ზარალმა 2022 წელს 3.1 მლნ, 2021 წელს – 5 მლნ (რეკლასიფიცირებული), პანდემიურ წელს კი 4,5 მლნ შეადგინა. ეს რიცხვი 2019-ში – 2,2 მლნ იყო, 2018-ში 4,3 მლნ, ხოლო 2017- ში 6,4 მლნ.
ს მიერ ნაჩუქარი საკონცერტო დარბაზის შენახვა და დასაქმებულთა ხელფასები სახელმწიფოს 2017-2021 წლებში 35 მილიონ ლარამდე დაუჯდა, მხოლოდ 2022 წელს კი კომპანიას ხარჯებისთვის 9 მლნ ლარის სუბსიდია და 70 მლნ ლარი გასამართი კონცერტებისთვის გამოეყო.
დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ ინიციატივით და $115 მილიონზე მეტი ინვესტიციით დაიწყო. „ბლექ სი არენა“ ოფიციალურად 2016 წელს Christina Aguilera-ს კონცერტით გაიხსნა. 2019 წელს დარბაზი სამართავად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა.