„იმუშავე ჭკვიანურად და არა ზედმეტი“ – ეს ერთ-ერთი ყველაზე სწორი ფრაზაა თანამედროვე საქმიან გარემოში. თუმცა დროის განაწილებასა და პროდუქტიულობას ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გარეშე ვერ მოვახერხებთ. ზოგიერთი მათგანი გვეხმარება სამუშაო საათების დაზოგვაში, ზოგი იდეების ნაკლებობის დროს და ა.შ. დღეს ისეთი დროა, რომ ყოველ დაზოგილ წამს მნიშვნელობა აქვს.
ChatGPT
ვფიქრობთ, მას ჩვენი წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ მაინც. ტექნოლოგიური ხელსაწყოების ყუთში მას ყველაზე პირველი ადგილი უკავია. შეიძლება ადამიანი დიდად არ იყოს გარკვეული სხვა AI ინსტრუმენტებში, მაგრამ ChatGPT ყველამ იცის.
ძირითადად, მას იყენებენ SEO-სთვის საკვანძო სიტყვების მოძიებისთვის, ბლოგპოსტების დასაწერად, საბაზისო HTML-ის დაწერისთვის, გრძელი ან რთული დოკუმენტების შესაჯამებლად.
მისი მთავარი ფუნქციონალი ისაა, რომ თუ პირველი შედეგი არასწორია, აგრძელებთ თქვენი მოთხოვნის დამუშავებას. მაგალითად, თუ სთხოვთ, რომ დიდი ტექსტი 10 პუნქტად შეაჯამოს, მან კი გამოგიგზავნათ მასალა, რომელიც მაინც რთულად გეჩვენებათ, შეგიძლიათ უთხრათ: „ისე ახსენი ზემოთქმული, თითქოს 10 წლის ბავშვი ვარ”.
ChatGPT-ს ძირითადი ვერსია უფასოა, თუმცა აქვს პრემიუმჩატბოტიც.
Not
ion
პროექტების მენეჯერებმა ან ციფრულ პროექტებზე მომუშავე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა ეს ხელსაწყო კარგად იციან. ის დიდი ხანია არსებობს, თუმცა დღესდღეობით, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, კიდევ უფრო დაჭკვიანდა.
Notion AI-ს შეუძლია ტექსტისა და ავტომატური შევსების მონაცემთა ბაზების გენერირება, გვერდების შეჯამება და თქვენ მიერ შენახული ინფორმაციის შესახებ კონკრეტული კითხვების დასმა. სტატიებსა და მონაცემთა ბაზებში სქროლვის ნაცვლად, ‘Ask AI' ღილაკს აჭერთ და უსვამთ კითხვას.
Notion-ის გამოყენება უფასოა, თუმცა პრემიუმვერსია მასაც აქვს.
Otter.ai
ის განსაკუთრებით კარგი ხელსაწყოა ჟურნალისტებისთვის. მისი აუდიოტრანსკრიფციის ფუნქცია ზარებისა და ჩანაწერების გაშიფვრას ბევრად ნაკლებ დროს ანდომებს. ფაქტობრივად, ეს არის წუთები საათების ნაცვლად.
Otter.ai-ს ფასები: უფასოა ყოველთვიურად 300 წუთამდე. ფასიანი გეგმები კი იწყება თვეში 8.33 დოლარიდან.
Todoist AI Assistant
ხელოვნური ინტელექტის ეს ასისტენტი მარტივი და სასარგებლოა. მას შეუძლია:
· რჩევების მოცემა დავალების შესასრულებლად
· დავალების მცირე ნაწილებად დაყოფა
· დავალებისთვის უფრო ქმედითი სახის მიცემა
Todoist-ის ფასები: მიუხედავად იმისა, რომ Todoist-ს აქვს უფასო პაკეტი, ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ მათ Pro გეგმაზე, რომლის ღირებულებაც თვეში 4 დოლარია თითოეული მომხმარებლისთვის.
Reclaim AI
Reclaim AI დაგეხმარებათ გადატვირთული გრაფიკის დალაგებაში. ეს არ არის კალენდარი, არამედ თქვენი კალენდრისთვის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ასისტენტია (ის სინქრონიზდება Google-ისა და Outlook-ის კალენდრებთან).
თქვენი პრიორიტეტების გათვალისწინებით, Reclaim დაგეხმარებათ სადილის დროის, ვარჯიშის, მუშაობის, ბავშვის სკოლიდან გამოყვანის, შეხვედრების დაგეგმვის და ყველა სხვა საქმის ორგანიზებაში.
Reclaim-ს აქვს უფასო პაკეტი, ხოლო პროვერსია იწყება თვეში 10 დოლარიდან.
Speechify
Speechify არის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი, რომელიც კითხულობს ნებისმიერ ტექსტს. ის გთავაზობთ 130-ზე მეტ ხმას, მათ შორის, ცნობილი ადამიანებისას და მხარს უჭერს 30-ზე მეტ ენას. ხელოვნური ინტელექტის წყალობით, ხმები ბუნებრივად ჟღერს და არაა რობოტული.
თუ მოსასმენი გაკვეთილებით ხართ დაინტერესებული, Speechify დაგეხმარებათ ინფორმაციის უფრო სწრაფად ათვისებაში. შეგიძლიათ დააჩქაროთ კითხვის ტემპი პროდუქტიულობის გასაზრდელად.
უფრო კონკრეტულად, ის შესანიშნავია:
· სტატიების მოსმენისთვის გზაში
· PDF-ის აუდიოფაილებად გადასაკეთებლად
· წაკითხულის გააზრების გასაუმჯობესებლად
ეს ხელსაწყო შეიძლება მწერლებსაც გამოადგეთ, რომლებიც ხმამაღლა მოისმენენ თავიანთ ტექსტს და მას მკითხველის პოზიციიდან შეხედავენ.
Type
Type ზუსტად იმას აკეთებს, რაც ჰქვია – ის იყენებს გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს, რათა დაგეხმაროთ უკეთესად წერაში.ის თქვენს მინიშნებებს ან იდეებს სწრაფად გარდაქმნის მონახაზ კონტენტად.
Type-ის ინტერფეისი მარტივი და მოწესრიგებულია. ის მოიცავს ბლოგპოსტების, ელექტრონული ფოსტის და სხვა შაბლონებს. ეს ძალიან მოსახერხებელია, თუ ხელოვნური ინტელექტის მოთხოვნების შექმნა თავად გიჭირთ.
ხელსაწყო მხოლოდ 14 დღითაა უფასო, შემდეგ კი 12 დოლარი ჯდება თვეში.
მსგავსი ინსტრუმენტები ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში დაგეხმარებათ. მათი გამოყენება ბევრად ამცირებს დროს და თქვენს პროდუქტიულობას შემოქმედებითობაზე გადართავს.
marketer.ge




