BMGTV-ის გადაცემაში “შეცვალე წესები” “ოკტოპუს ფიტნეს კლუბის” მმართველი პარტნიორი, გიორგი ასათიანი ბრენდის განვითარების ისტორიასა და საქართველოში ფიტნეს ინდუსტრიის ჩამოყალიბების საწყისებზე საუბრობს. მისი თქმით, კონცეფცია, რომელიც “ოკტოპუსმა” ქართული ბრენდის ქვეშ გაავრცელა, კომპანიის დაარსების დროს მომხმარებლისთვის სრულიად უცხო იყო.
“ვამაყობთ, რომ ფიტნეს ინდუსტრიის პოპულარიზაცია შევძელით. 2015-2016 წლებში, როცა დავიწყეთ, მაშინ ეს სფერო თითქმის არ არსებობდა, არ იყო პოპულარული და ახალგაზრდებსაც არ უნდოდათ ამ მიმართულებით დასაქმება. არსებობდა გარკვეული სტერეოტიპები და სტიგმები. ფიტნეს კლუბის გაგება საქართველოში არ არსებობდა. იყო სავარჯიშო დარბაზები, აუზები, მაგრამ არა ადგილები, სადაც ადამიანი მივა არა მხოლოდ სავარჯიშოდ, არამედ სოციალიზაციისთვის, რჩევებისთვის, ურთიერთობისთვის.
ბოლო 7 წელიწადში ეს ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და პრესტიჟულია. ჩვენთან მომუშავე თანამშრომლებიც ძალიან მოთხოვნადები არიან. კომპანიაც ძალიან წარმატებულია და ჩვენ გარშემო სხვა ფიტნეს კლუბებსაც აქვთ წინ გადადგმული ნაბიჯები. ამუშავდა ეკოსისტემა ისე, რომ უკვე ყველა ერთმანეთს ეხმარება სფეროს განვითარებაში”, – აცხადებს გიორგი ასათიანი.
Oktopus-ის მმართველი პარტნიორის თქმით, კომპანიის იდეაფიქსი არა ფილიალების განვითარება, არამედ წარმატებული ბრენდის შექმნა იყო.
“ვიცოდით, რომ არ გვინდოდა უცხოური ბრენდის შემოყვანა. 100%-ით გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ქართული ბრენდი უნდა შეგვექმნა, რომელიც მთელი თავისი შინაარსით ლიდერი იქნებოდა ბაზარზე და თამაშის წესებს შექმნიდა.
როცა დავიწყეთ მუშაობა კომპანიის ჩამოყალიბებაზე, ბუნებრივია გვქონდა ამბიციური მიზნები და ერთ წარმატებაზე არ დავკმაყოფილდებოდით. ქსელური განვითარება არ ყოფილა იდეაფიქსი, რადგან წარმატება არ განისაზღვრება რაოდენობრივ განვითარებაში, არამედ იმაში, რომ იყო მისაბაძი, გყავდეს მიმდევრები, გავლენა მოახდინო ეკოსისტემის შემუშავებაში, რომ ყველასთვის მოთხოვნადი იყო. მაგალითად, როდესაც დეველოპერულ კომპანიებს ფიტნეს კლუბის გასახსნელად დიდ სივრცეს ვთხოვდით, ეჭვის თვალით გვიყურებდნენ, ვიქნებოდით თუ არა გადამხდელუნარიანი. დღესდღეობით სიტუაცია შეცვლილია, ყველა დეველოპერული კომპანიის მხრიდან გვაქვს ინტერესი, “ოქტოპუსი” მათ სივრცეში შევიდეს”, – აცხადებს გიორგი ასათიანი.
ფიტნეს კლუბის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ფიტნეს ინდუსტრია ერთადერთი არ არის, რის წესებსაც “ოკტოპუსი” ადგენს. კლუბს ანალოგიური ეფექტი აქვს ადამიანებზეც.
“მიხარია, როცა ვხედავ მომხმარებელს, რომელიც ნახევარი წელი დადის ჩვენთან და ეტყობა, რომ ბედნიერია. ვარჯიში არ არის მხოლოდ ფიზიკური აქტივობა და ჯანმრთელობა, ეს არის მენტალური ჯანმრთელობაც, რაც პირდაპირ კავშირშია ბედნიერების ჰორმონის გამოყოფასთან. ხედავ, ადამიანი როგორც იცვლება, ეცვლება ხასიათი, დამოკიდებულება გარშემო ფაქტორების მიმართ და ეს იმდენ ენერგიასა და გაძლიერების მოტივაციას გვაძლევს”, – ამბობს გიორგი ასათიანი.