7-კაცა | ქეიფთაუნსა და კრაკოვში ჩელენჯერის სერიაზე

საქართველოს 7-კაცა მარტსა და აპრილში მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიაზე (7-კაცას მსოფლიო სერიების შესარჩევი) ითამაშებს და ოთხ საუკეთესოს შორის მოსახვედრად იბრძოლებს.
მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, ჩელენჯერის სერიის პირველ ორ ეტაპს სამხრეთ აფრიკა, ქეიფთაუნი უმასპინძლებს. პირველი ეტაპი 1-2 მარტს, ხოლო მეორე 7-8 მარტს გაიმართება და მასში როგორც კაცთა, ასევე ქალთა შორის 12-12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ჩელენჯერის სერიის ფორმატი წელს განსხვავებული იქნება და მესამე ეტაპზე 12-12-ის ნაცვლად 8-8 საუკეთესო (პირველი ორი ეტაპის შედეგების ჯამით) გუნდი ითამაშებს. მესამე ეტაპს პოლონეთი, კრაკოვი 11-12 აპრილს უმასპინძლებს და
4-4 საუკეთესო გუნდი მსოფლიო რაგბის 7-კაცა სერიის ფლეი ოფში გავა, რომელიც 3-4 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესში გაიმართება.
ლოს-ანჯელესშიც ქალთა და კაცთა თანრიგში 8-8 გუნდი ითამაშებს. ჩელენჯერის სერიის 4 მოწინავეს, 2025 წლის შედეგების მიხედვით 7-კაცა სერიის ბოლო 4 გუნდი დაემატება და ჯამში 8 ნაკრები, 2025/2026 წლების მსოფლიო რაგბის სერიის 4 საგზურისთვის იბრძოლებს.
კაცთა ჩელენჯერის სერიის პირველი ორი ეტაპის საგზური, საქართველოსთან ერთად ბრაზილიამ, კანადამ, ჩილემ, გერმანიამ, ჰონკონგმა, იაპონიამ, მადაგასკარმა, პორტუგალიამ, სამოამ, ტონგამ და უგანდამ მოიპოვეს.
საქართველო ჩელენჯერის სერიაზე 7-კაცა გუნდის გარდა მსაჯითაც იქნება წარმოდგენილი. სულხან ჩიხლაძემ შარშან სერიის ორ ეტაპზე იმსაჯა, წელს კი კრაკოვში, დასკვნით ეტაპზეა მიწვეული.
შეგახსენებთ, საქართველოს 7-კაცამ შარშან მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიაზე მე-8 ადგილი დაიკავა.
Rugby.ge
· მარაო