დაახლოებით ერთ თვეში საქართველოს 7-კაცა სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის ორ ეტაპს ითამაშებს.
ქეიფთაუნში პირველი ეტაპი 1-2, ხოლო მეორე 7-8 მარტს გაიმართება. ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდები დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს 17-21 თებერვალს ქუთაისში გაივლიან. ამ პერიოდში საქართველოს უკრაინის 7-კაცა ეწვევა და ერთობლივ ვარჯიშებთან ერთად, სპარინგ-მატჩებიც გაიმართება.
ჩელენჯერის სერია წელს განსხვავებული ფორმატით იმართება. პირველ ორ ეტაპზე 12-12 გუნდი ითამაშებს, რომელთაგან 8 საუკეთესო მესამე, კრაკოვის (პოლონეთი, 11-12 აპრილი) ეტაპზე გავა. პოლონეთის ეტაპის ოთხი საუკეთესო გუნდი მსოფლიო რაგბის 7-კაცა
სერიის შესარჩევი ტურნირის საგზურს მიიღებს, რომელსაც 3-4 მაისს ლოს ანჯელესი უმასპინძლებს.
ქეიფთაუნში 12 ქვეყანა ოთხ სამგუნდა ჯგუფში გადანაწილდება. საქართველო ა ჯგუფში იაპონიასთან და გერმანიასთან ითამაშებს; ბ ჯგუფში ჩილე, ტონგა და პორტუგალია მოხვდნენ; გ ჯგუფში სამოა, უგანდა და ბრაზილია; ხოლო დ ჯგუფში კანადა, ჰონკონგი და მადაგასკარი. ჯგუფში ორ-ორი თამაშის შემდეგ, პირველადგილოსნები თასის ნახევარფინალში გადიან; მეორეადგილოსნები მე-5-მე-8 ადგილებისთვის აგრძელებენ ბრძოლას; მესამეადგილოსნები კი მე-9 ადგილისთვის ითამაშებენ.
მთლიანობაში, შარშანდელისგან განსხვავებით თითოეულ ეტაპზე გუნდებს უწინდელი ექვსის ნაცვლად 4-4 თამაშის გამართვა მოუწევთ.
Rugby.ge