საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებები 25 ივნისს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაემგზავრებიან, სადაც 27-29 ივნისს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ითამაშებენ.
5 ცვლილებით ჰამბურგში
7-კაცამ ჩემპიონატის პირველ, მაკარსკას (ხორვატია) ეტაპზე მე-7 ადგილი დაიკავა და მეორე ეტაპზე ა ჯგუფში, საფრანგეთთან, იტალიასთან და ირლანდიასთან მოხვდა. ბ ჯგუფში ესპანეთი, შვედეთი, გერმანია და ჩეხეთი ითამაშებენ, გ ჯგუფში კი ბელგია, ლიეტუვა, პორტუგალია და დიდი ბრიტანეთი.
ჩემპიონატი საქართველოსა და იტალიის (მე-6 ადგილი მაკარსკაში) შეხვედრით იხსნება და ის 27 ივნისს ჩვენი დროით 14 საათზე დაიწყება. იმავე დღეს, 18:50 საათზე ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდები მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთს შეერკინებიან. ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი 28 ივნისს ირლანდიასთან უნდა გვქონოდა, მაგრამ ირლანდიელებმა 7-კაცა ნაკრები გააუქმეს და შესაბამისად, მათთან ავტომატურად 28:0 მოგება ჩაგვეთვლება.
პირველი ეტაპის შემდეგ 13-კაციან შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა. მაკარსკაში არ უთამაშიათ და ჰამბურგში ირაგბებენ გიორგი ხუროშვილი, რევაზ ხარაზიშვილი, გიორგი ჯობავა, გიორგი ჩიქოვანი და გიორგი ჭუაძე.
საქართველოს 7-კაცა ჰამბურგში
ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ლუკა ალიბეგაშვილი, დავით იმნაძე, სანდრო დარძულიძე, ვაჟა მიქაძე, გაგა ქევხიშვილი, გიორგი ხუროშვილი, რევაზ ხარაზიშვილი, ლევან ნარიმანიძე, გიორგი ჯობავა, იოსებ მათიაშვილი, გიორგი ჩიქოვანი, გიორგი ჭუაძე.
7-ქალამ სამი შეცვალა
7-ქალამ სადებიუტო ჩემპიონატში, მაკარსკაში ერთი (პირველი ჩემპიონატში) გამარჯვება მოიპოვა და მე-11 ადგილი დაიკავა, ჰამბურგში კი ბ ჯგუფში საფრანგეთთან, ესპანეთთან და გერმანიასთან ითამაშებს. ა ჯგუფში დიდი ბრიტანეთი, ბელგია, პორტუგალია და იტალია, ხოლო გ ჯგუფში პოლონეთი, ჩეხეთი, ირლანდია და შვედეთი მოხვდნენ.
მეორე ეტაპზე გოგონები პირველ თამაშს 27 ივნისს, საფრანგეთთან (მეორე ადგილი მაკარსკაში) ჩვენი დროით 12:58 საათზე გამართავენ და იმავე დღეს 17:48 საათზე ესპანეთს (მე-5 ადგილი) შეერკინებიან. საქართველო ჯგუფურ ეტაპს 28 ივნისს, 13:20 საათზე გერმანიასთან (მე-8 ადგილი) მატჩით დაასრულებს, რის შემდეგაც ფლეი ოფში ჩაერთვება.
პირველი, მაკარსკას ეტაპის შემდეგ გუნდში სამი ცვლილებაა. ჰამბურგში ირმა გულიაშვილი, ანი კაპანაძე და მარიამ ბერანძე ითამაშებენ.
7-ქალას შემადგენლობა ჰამბურგში
ირმა გულიაშვილი, თეონა ჩიტაიშვილი, ანა დათიაშვილი, მარიამ გოგუაძე, ანა ხაბულიანი, ლიკა ხუფენია, სალომე მაკასარაშვილი, ანა პოღოსიანი, ანი კაპანაძე, მანონი საღარაძე, სალომე საღარაძე, ნინო წიკლაური, მარიამ ბერანძე.
Rugby.ge
7-კაცას მე-7 ადგილი
7-ქალა | არის პირველი მოგება!
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
