საქართველოს 7-კაცამ რაგბი ევროპის პირველი, მაკარსკას (ხორვატია) ეტაპი მე-7 ადგილზე დაასრულა.
ისე მოხდა, რომ წელს გუნდი ხორვატიაში ფაქტობრივად უთამაშებელი გაემგზავრა და ეს ხარისხზეც აისახა, განსაკუთრებით პირველ დღეს.
ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ბელგიამ 31:0 გაიმარჯვა, მეორე თამაში კი ჩეხეთთან ფრედ 12:12 დასრულდა. ანგარიშში დავით იმნაძის გარდასახული ლელოთი დავწინაურდით. მეტოქემ ჩვენი შეცდომით ისარგებლა და ლელო გაქვითა, თუმცა ტაიმის ბოლოს იმნაძის ოფლოუდი ვაჟა მიქაძემ შეირგო და ლელო ალამთან გაიტანა. მეორე ტაიმში ჩეხეთმა შეძლო გარდასახული ლელოს გატანა – 12:12.
რადგან ირლანდიამ 7-კაცა გააუქმა, მეორე დღეს მათთან 28:0 მოგება (ისე, როგორც ყველა გუნდს) ჩაგვეთვალა და თასის 1/4-ფინალში მესამე ადგილით გავედით. იქ კვლავ ბელგიას შევხვდით და ამჯერად 0:10 დავმარცხდით. პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო გიორგი გამყრელიძემ, ხოლო მეორე ტაიმის შუაში ლუკა ალიბეგაშვილს ბურთი ხელიდან გაუვარდა და მეტოქე 100%-იან ლელოს გადაურჩა.
მე-5 ადგილის ნახევარფინალში გერმანიამ სამი უპასუხო ლელო (0:21) გაგვიტანა და მე-7 ადგილისთვის კვლავ ჩეხეთს გადავეყარეთ. თამაში საქართველოს შეტევებით დაიწყო და გაგა ქევხიშვილმა ანგარიში გახსნა, მაგრამ მეტოქემ ზედ შესვენების წინ წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმის დასაწყისში ლუკა ალიბეგაშვილმა ლიდერობა დაგვიბრუნა და სერგი ჩხაიძემ გარდასახა, თუმცა ჩეხებმა მატჩის დასრულებამდე 1,5 წუთით ადრე 7 ქულით გვიპასუხეს. თამაში დამატებით დროში გაგრძელდა, რომლის მეორე წუთზე ნიკოლოზ რეხვიაშვილმა ჯარიმა სწრაფად გაათამაშა, სანდრო დარძულიძეს ოფლოუდი ამოუგდო და მისი ლელოთი საბოლოო შედეგი დაფიქსირდა – 17:12.
ამრიგად, მაკარსკაში მე-7 ადგილი დავიკავეთ და მეორე ეტაპზე 27-29 ივნისს გერმანიაში, ჰამბურგში ვითამაშებთ.
მაკარსკაში საქართველო მსაჯითაც იყო წარმოდგენილი. სულხან ჩიხლაძემ ხორვატიაში 6 თამაში იმსაჯა, მათ შორის ფინალი, რომელშიც საფრანგეთმა ესპანეთი 38:12 დაამარცხა.
საქართველოს 7-კაცა მაკარსკას ეტაპზე
ნიკოლოზ რეხვიაშვილი, სოსო მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, ლევან ნარიმანიძე, ვაჟა მიქაძე, დათა იმნაძე, ლუკა ალიბეგაშვილი, გიორგი გამყრელიძე, სანდრო დარძულიძე, გიგა ყიფშიძე, გიორგი ნავროზაშვილი.
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
“შავი ლომი” | სექტემბერში იტალიაში “ძებრესა” და “ბენეტონთან”
