661 163 ლარის მითვისების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტზე4 პირი დააკავეს – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულმა პირებმა, შპს „სამშენებლო კომპანია №1“-ის ხელმძღვანელებმა, 2020 წელს გაიმარჯვეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. ტენდერის საერთო ღირებულება შეადგენდა 6 632 130 ლარს. შესრულებული სამუშაოებისთვის კომპანიას გადაეცა 3 432 520 ლარი, თუმცა სამუშაოები სრულად არ დასრულებულა და ხელშეკრულება შეწყდა. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, ინსპექტირების ორგანოების თანამშრომლების დახმარებით, ყალბი დოკუმენტაციის მომზადებისა და გამოყენების გზით, თაღლითურად დაეუფლნენ პროექტისთვის გამოყოფილ 661 163 ლარს“ – აცხადებს საგამოძიებო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – ჯარიმები არა შსს-ს ბიუჯეტში, არამედ ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის, ამიტომ აქ არანაირი ინტერესი არ გვაქვს – ჩვენი ერთადერთი ინტერესია, დაცული იყოს საგზაო მოძრაობის წესები და არ მოხდეს ავარიები