ბიზნესმენი, „ქართული ოცნების“ უმსხვილესი შემწირველი ნოშრევან ნამორაძე ვაკეში, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, 260 მეტრიან ცათამბჯენს აშენებს.
ბიზნესმენის კომპანია VR Holding-ის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ჭავჭავაძის 49-ში, ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ადგილას, პრემიუმ კლასის, თანამედროვე გეგმარების მქონე პროექტის VR Vake Skyview Tower-ი განთავსდება. კომპანიის ინფორმაციით, VR Vake Skyview საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა იქნება.
არქიტექტურის ვებ-გვერდზე არსებული ბოლო ინფორმაციით, „ვი არ ვაკე თაუერსს“ შეცვლილი პროექტის მშენებლობის ნებართვაზე მოთხოვნა უკვე შეტანილი აქვს და ის განხილვის პროცესშია. ახალი პროექტის მიხედვით კიდევ ერთხელ იზრდება ცათამბჯენის სიმაღლე და შესაბამისად მისი სართულების რაოდენობა.
„ტერიტორიის ჯამური ფართობია 18664 კვ.მ-ია. ეზოში გამწვანებული ტერიტორიების საერთო ფართობი იქნება მინიმუმ 5639.1 კვ.მ.
პროექტის ცვლილება ითვალისწინებს:
– შეთანხმებული პროექტის მიხედვით შენობა შედგებოდა 56 მიწისზედა სართულსგან ცვლილების შემდგომ სართულების რაოდენობა შეადგენს 63.
– შეთანხმებული პროექტის მიხედვით შენობის სიმაღლე 0.000 ნიშნულიდან იყო 230მ, ცვლილების შემდეგ შენობის სიმაღლე 0.000 ნიშნულიდან შეადგენს 260 მ.
– შეთანხმებული პროექტის მიხედვით შენობის ტიპიურის სართულის სიმაღლე შეადგენდა 3.60 მ-ს, ცვლილების შემდეგ ტიპიური საცხოვრებელი სართულის სიმაღლე შეადგენს 3,75 ფილიდან ფილამდე.
– შეთანხმებულ პროექტში მიწის დონის ქვედა სართულები იყო 6, კორექტირებულ პროექტში მიწისქვეშა სართულების რაოდენობა შემცირდა და გახდა 3. ჯამურად მიწის ზედა და მიწის ქვეშა პარკინგზე პარკინგების რაოდენობა შეადგენს : 340 “, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
ცნობისთვის, ტერიტორია შპს „ვი არ ვაკე თაუერსმა“ 2022 წელს იყიდა. კომპანიაც 2022 წელს დაფუძნდა და მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძეა.




