გაერო-ს განცხადებით, 2080-იან წლებში მსოფლიოს მოსახლეობა დაახლოებით 10,3 მილიარდს მიაღწევს, შემდეგ კი ოდნავ დაეცემა, ოღონდ იმ მაჩვენებელზე გაცილებით დაბლა, რაც ათი წლის წინ იყო პროგნოზირებული.
ამჟამინდელი 8,2-მილიარდიანი მოსახლეობა მომდევნო 60 წელიწადში მაქსიმუმამდე გაიზრდება, შემდეგ, საუკუნის ბოლოს კი 10,2 მილიარდამდე ჩამოვა. ამის შესახებ გაერო-ს ახალ მოხსენებაშია ნათქვამი; დოკუმენტს „მსოფლიო მოსახლეობის პერსპექტივები 2024“ ჰქვია.
დოკუმენტის თანახმად, 2100 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობა ექვსი პროცენტით, ანუ 700 მილიონით უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე ამას 2013 წლის ივნისის პროგნოზი მიუთითებდა.
„ბოლო წლებში დემოგრაფიული ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეიცვალა“, — ამბობს ლი ჯუნჰუა, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში.
მისი განცხადებით, მოსახლეობის მოულოდნელი პიკი გამომდინარეობს რამდენიმე ფაქტორიდან, რომელთა შორის არის ნაყოფიერების დაბალი დონე მსოფლიოს ზოგიერთ უდიდეს ქვეყანაში, განსაკუთრებით ჩინეთში.
მისივე თქმით, ასეთი დაბალი მაქსიმუმი იმაზე უფრო ადრეც დადგება, ვიდრე წინა გათვლები მიუთითებდა, რაც იმედისმომცემი ნიშანია გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში: ნაკლები ადამიანი და ნაკლები საერთო მოხმარება ნიშნავს ნაკლებ ზეწოლას გარემოზე.
მსოფლიო მოსახლეობის მეოთხედზე მეტი, 28 პროცენტი ახლა 63 ქვეყნიდან რომელიმეში ცხოვრობს, რომლებშიც მოსახლეობა უკვე პიკშია, მათ შორის ჩინეთში, რუსეთში, იაპონიაში, გერმანიაში და ა. შ.
მომდევნო 30 წელიწადში ამ ჯგუფს თითქმის 50 სხვა ქვეყანაც შეუერთდება, მათ შორის ბრაზილია, ირანი და თურქეთი.
გაერო-ს განცხადებით, 2054 წლის შემდეგ, მოსახლეობის ზრდა გაგრძელდება 120-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორის არის ინდოეთი, ინდონეზია, ნიგერია, პაკისტანი და აშშ.
გლობალური სიცოცხლის ხანგრძლივობის მატება, რასაც კოვიდპანდემიამ შეუშალა ხელი, კვლავ გაგრძელდა და 2024 წლისთვის საშუალოდ 73,3 წელს შეადგენს. 2054 წლისთვის ეს მაჩვენებელი 77,4 წელი იქნება.
შესაბამისად, მსოფლიო მოსახლეობა უფრო და უფრო დაბერდება. კვლევის თანახმად, 2070-იან წლებში 65 წელს გადაცილებულ ადამიანთა რაოდენობა დაახლოებით 2,2 მილიარდი იქნება და გადააჭარბებს 18 წლამდელთა რაოდენობას.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით. წყარო: 1 არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი