ბოიკოტი ბანკებს და ფულების დასტები სახლში – “შაბათის ეთერმა” “ქართული ოცნების” მინისტრების, დეპუტატებისა და სხვა ჩინოვნიკების დეკლარაციები შეისწავლა. ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს არაერთი ჩანაწერი, სადაც თანამდებობის პირები თავად წერენ, რომ ათი ათასობით დოლარი, ევრო და ლარი სახლში აქვთ.
- ნაღდ ფულს სახლში ინახავს სპორტის მინისტრი, შალვა გოგოლაძე, მინისტრი ხუმრობს, რომ ფულს “სამლიტრიან ქილაში” ინახავს.
- კახა გულედანი რეგიონული განვითარების მინისტრია. ის საკუთარი ხელით შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომ 60 ათასი ამერიკული დოლარი ბანკიდან სახლში თავად წამოიღო და ნაღდი ფულის სახით შენახვა არჩია.
- კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ბანკებზე უარის მთქმელ ჩინოვნიკებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა. მანაც საკუთარი ხელით შეავსო დანაზოგის გრაფა და ჩაწერა, რომ სახლში 68 ათას დოლარს ინახავს. თინათინ რუხაძე opensanctions-ის პორტალზე ყვითლად მონიშნული პოლიტიკოსია.
- თბილისის მერს სანქციების შემდეგ დიდი ოდენობით ნაღდი ფული სახლში გაუჩნდა. ქეშად სახლში შენახული საკმაოდ სოლიდური დანაზოგი, კახა კალაძის ბოლო დეკლარაციაშიც იძებნება. 50 ათასი დოლარი და 70 ათასი ევრო თბილისის მერის, 65 ათასი ლარი და 45 ათასი ევრო კი კახა კალაძის ცოლის, ანა არეშიძის სახელის გასწვრივ.
“შაბათის ეთერმა” აღმოაჩინა, რომ საბანკო სისტემას არც რომ ყოფილი მთავარი პროკურორი და მოქმედი გენერალური აუდიტორი ენდობა. გიორგი გაბიტაშვილიც ნაღდ ფულს ინახავს. მაღალი თანამდებობის პირი თავად ადეკლარირებს, რომ ქეშად სახლში 250 ათას ლარს ინახავს. თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ გაბიტაშვილს უფრო მეტი არ შეიძლება ჰქონდეს. მას კანონი არ ავალდებულებს, დეკლარაციაში ოჯახის იმ წევრების დანაზოგი ჩაწეროს, რომელთან ერთადაც არ ცხოვრობს, მაგალითად ასეთი შეიძლება იყვნენ მშობლებიც.
მთავრობის წევრების გარდა, სახლებში შენახული ბევრი ფული აღმოაჩნდა პარლამენტრებსაც. ჟურნალისტურმა მოკვლევამ გვაჩვენა, რომ ქეში ფულის შენახვის საქმეში ჩართულია შუა რგოლიც.
ყველაზე ადრე თადარიგი მაინც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დაიჭირა. ნათია თურნავამმილიონ ნახევარზე მეტის შესანახად, არა რომელიმე ბანკის ანგარიში, არამედ პირადი სეიფი აირჩია.




