პირველად საქართველოს ისტორიაში, 6-7 აპრილს გუდაურში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება სნოუბორდში.
მთის ტრასების სააგენტოს ცნობით, ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი 18 ქვეყნის (შვეიცარია, ავსტრალია, კანადა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი გერმანია, უნგრეთი, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, ნორვეგია, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, აშშ და საქართველო) 21 წლამდე ასაკის 80 სპორტსმენი იასპარეზებს.
„საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან ღონისძიებას დაესწრებიან და საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრის დირექტორი პიტერ კროგელი და ტექნიკური დელეგატი რიკარდო კიმინაცო.
ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში პირველად ტარდება. მიმდინარე წლის 3-4 თებერვალს, გუდაურმა, მსოფლიო თასის ეტაპს სნოუბორდ კროსის დისციპლინაში წარმატებით უმასპინძლა. საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა და მსოფლიო სპორტულ რუკაზე კვლავ საპატიო ადგილი დაიკავა. სნოუბორდ კროსის დისციპლინაში წარმატებით ჩატარებულმა მსოფლიო თასმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ყურადღება ჩვენი ქვეყნისადმი ისევ მიიპყრო. სწორედ ამიტომ, გუდაური საერთაშორისო დონის შეჯიბრების ჩასატარებლად კიდევ ერთხელ შეირჩა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით.
ღონისძიება პირველად 1997 წელს, იტალიაში ჩატარდა. შემდეგ კი მასპინძლები იყვნენ ისეთ ქვეყნები, როგორიცაა: ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, შვედეთი და სხვა, 2024 წელს კი საქართველომ მოიპოვა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება.
ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების სპონსორი კომპანიებია: “თი ბი სი“ „რედკო“, და „სილქნეტი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.