6 წლის “ყოვლისშემძლე” არამი: არცახში დაბრუნებაზე ვოცნებობ

“მე არამი ვარ და ყველაფერი შემიძლია!” – საკუთარი თავის გასაცნობად, 6 წლის არცახელი [ აზერბ. მთიანი ყარაბაღი- რედ.], არამ კარახანიანი ცნობილი ანდაზით პასუხობს.
(სომხურ ენაზე „არამი“ ირითმება სიტყვასთან “შემიძლია” – რედ.)
მას ვესაუბრებით ს, 196-ე სკოლის აშოტ ნავასარდიანის სახელობის სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც 2023 წლის სექტემბერში არცახიდან (მთიანი ყარაბაღი) სომხების იძულებით გადასახლებისას მისი ოჯახი სომხეთში ჩამოვიდა.
როგორც სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა 2023 წლის 27 სექტემბერს განაცხადა: „არცახიდან სომხეთში ჩამოსული ყოველი მესამე ბავშვია“.
2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, არცახიდან სომხეთში იძულებით გადაადგილებულია ჩვილობიდან 5 წლამდე ასაკის 7 996 ბავშვი და 21 266 6-დან 19 წლამდე ასაკის მოზარდი.

არამ კარახანიანი
ფოტო: მედიამაქსი
დამალობანა, დაჭერობანა და „პოსტი“ სახლის დასაცავად
„ყარაბაღში ვცხოვრობდით. იქ ძალიან მომწონდა. ვთამაშობდი, ზაფხულში აუზზე დავდიოდი. დედა ცურვაში მეხმარებოდა, ასე ვცხოვრობდით. ერთ დღეს გავიგონეთ პირველი გასროლა, შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი, წავედით ერევანში“, – გვიყვება 6 წლის არამი არცახულ დიალექტზე.
2023 წლის სექტემბერში არამის ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური სტეფანაკერტი 100 ათასზე მეტ სომეხთან ერთად.
„სტეფანაკერტში დავდიოდი საბავშვო ბაღში “სოსე” , შემდეგ სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ჩემს მასწავლებელს ერქვა ანა. მეგობრები მყავდა, დამალობანას და დაჭერობანას ვთამაშობდით. ჩვენ გვქონდა სათამაშო იარაღი და ავაშენეთ „პოსტი“ ჩვენი სახლის დასაცავად“, – იხსენებს 6 წლის ბავშვი, რომელმაც ამ მცირე ასაკში გაიგო – სახლი ყოველთვის საჭიროებს დაცვას.

ფოტო: მედიამაქსი
არამის დედა ლირა მირზოიანი იხსენებს, რომ არცახიდან წასვლისას სახლის კარი ისე დაკეტა, თითქოს 10-15 დღეში დაბრუნდებოდა.
„მოვიხურე კარი და ვიფიქრე რომ მალე დავბრუნდებით. მაგრამ რეალობა მეტად რთული ასატანია”, – ამბობს ახალგაზრდა ქალი.
„მადლობა ღმერთს, ჩემი ქმრის ძმა ერევანში ცხოვრობს და აქ, მათ სახლში, დიდი სითბოთი დაგვხვდნენ. დროთა განმავლობაში ვიქირავეთ ბინა, გადავედით და დავიწყეთ ფიქრი ჩვენი შვილების განათლებაზე. არამი “აშოტ ნავასარდიანის” 196-ე სკოლაში სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შევიდა.
არასოდეს დამავიწყდება რა სითბოთი მიგვიღეს დირექტორმა და მთელმა კოლექტივმა პირველსავე დღეს. მყავს ორი ქალიშვილი, ერთი 16 წლის, მეორე 12-ის. უფროსი წელს სკოლას ამთავრებს და აპირებს ეკონომიკის სწავლას.
მართალია, ჯერ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ რეპეტიტირთან მოვამზადო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, მაგრამ ის ცდილობს თავისით ისწავლოს და მიიღოს საჭირო ცოდნა.
ჩემი 12 წლის ქალიშვილი კი სტეფანაკერტის “ანანია შირაკაცის” სახელობის სემინარიაში სწავლობდა. ჩამოსვლის შემდეგ სემინარიის ერევნის ფილიალი დაგვიკავშირდა და შემოგვთავაზა სწავლის უფასო გაგრძელება, ასევე ტრანსპორტირება სემინარიამდე. ეს მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.
“ბლოკადაც კი დავძლევთ, ოღონდ ჩვენს სამშობლოში ვიცხოვროთ”
2022 წლის დეკემბერში აზერბაიჯანმა დაბლოკა ერთადერთი „სიცოცხლის გზა“ – ჰუმანიტარული დერეფანი, რომელიც არცახს მსოფლიოსთან აკავშირებს. არცახი დარჩა საკვების პროდუქტების, მედიკამენტების, პირველადი მოხმარების საგნების, ელექტროენერგიის და გაზის გარეშე.
„ბლოკადის დროს სათამაშოები არსად იყიდებოდა, არც ნაყინი, არც წვენი, საერთოდ არაფერი…”, – იხსენებს არამი.

ფოტო: მედიამაქსი
არამის დედა ამბობს, რომ მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, ოჯახი ცდილობდა ყველაფერი გაეკეთებინა, რათა მათ სამ შვილს არ ეგრძნო გაჭირვება.
„ჩვენ ფაქტიურად პური გამოვწურეთ ქვისგან. ჩვენ საკუთარ სახლში ვცხოვრობდით და ბაღში სწრაფად გავაშენეთ ბოსტანი. სოფლის მეურნეობაზე არაფერი ვიცოდით, მაგრამ გაუმარჯოს ინტერნეტს! – მოვიპოვეთ, ვისწავლეთ და გავაკეთეთ. სასოწარკვეთილებას არ ჰქონდა ადგილი, მუდმივად ვიმეორებდით: ეს არის ჩვენი ბრძოლა, უნდა დავძლიოთ ბლოკადა, რადგან გვინდა ჩვენს სამშობლოში ცხოვრება“.
არამის და მისი ორი დის საგანმანათლებლო დაწესებულებები მათი სახლიდან საკმაოდ შორს იყო, ქალაქის მეორე მხარეს. ამის მიუხედავად, როგორც ლირა მირზოიანი გვიყვება, ბავშვებს არასდროს გაუცდენიათ გაკვეთილები. ამისთვის სახლიდან ძალიან ადრე გადიოდნენ.
„ამ დროს არამი სოსეს საბავშვო ბაღში დადიოდა. აქ ცდილობდნენ, როგორმე ოთახები გაეთბოთ, რომ ბავშვები არ გაყინულიყვნენ.
ბუნებრივია, გაზი არ იყო, მაგრამ დენი როცა ირთვებოდა, თანამშრომლები უმალ რთავდნენ ელექტრო გამათბობლებს და ასე ახერხებდნენ გათბობას“, – იხსენებს არამის დედა.
აზერბაიჯანის მიერ არცახის ბლოკადა 2023 წლის სექტემბერში სრულმასშტაბიანი ომით დასრულდა. [აზერბაიჯანული ვერსიით “ანტიტერორისტული ოპერაცია”]
“ვიმგზავრეთ, ვიმგზავრეთ და ბოლოს მოვაღწიეთ აქაურ სახლამდე”
არამი, ომის დაწყების დღის მოგონებისა, და შემდეგი მოვლენებიდან ზღაპარს თხზავს და ისე გვიყვება. მაგრამ ამ ზღაპარში სიკეთე არ იმარჯვებს.
„როდესაც ომი დაიწყო, მე და დედა საბავშო ბაღიდან ვბრუნდებოდით. პირველი აფეთქება რომ გავიგეთ, გავიქეცით და ავტოფარეხი დავინახეთ. ავტოფარეხთან კაცი იდგა. მან გამოგვძახა: “სწრაფად, აქეთ!”.
შიგნით შევედით. იქ უამრავი ბავშვი იყო, ისინი ტიროდნენ. მე ვთქვი: ნუ ტირით! ეს ჩვენები ისვრიან! დიდხანს ვისხედით იქ, მერე უცნობი ადამიანის მანქანაში ჩავსხედით და სკოლის სარდაფისკენ გავემართეთ. მომშივდა, დედაჩემს ვუთხარი და ერთმა გოგომ პურის ნაჭერი მომცა. შემდეგ ვიღაც კაცმა წყალი მომცა, დავლიე და დედაჩემის კალთაში ჩამეძინა. სარდაფში დიდხანს დავრჩით. შემდეგ კი ორი დღე გზაში გავატარეთ (არცახიდან სომხეთში – რედ.). დავიღალე.
მამაჩემის მეგობარი ყურძნით გამიმასპინძლდა, დედაჩემმა პურის ნაჭერი მომცა, მეზობლებმა კი წყალი. ვიმგზავრეთ, ვიმგზავრეთ და ბოლოს მოვაღწიეთ აქაურ სახლამდე. სახლიდან არაფერი წამომიღია. ყარაბაღში დაბრუნებაზე ვოცნებობ“.

ფოტო: მედიამაქსი
არამის დედა იხსენებს, რომ 19 სექტემბერს ბავშვის საქციელით უბრალოდ შოკირებული იყო.
„მასზე ვნერვიულობდი, და ის ყველასთან ავტოფარეხში და სარდაფში ყველას ეუბნებოდა: „დამშვიდდით! არ იტიროთ!”. წარბები ორივე ხელით შემისწორა და მითხრა: ასე დაიჭირე, აღარ იტირო!
ახალი სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულება
არამი ახალ სასწავლო დაწესებულებაში თავს კარგად გრძნობს.
“მე აქ მომწონს. ვთამაშობთ, ვხატავთ. ახალი მეგობრები მყავს: სამველ, ალექს, არსენ და სხვები”.
აქ მისი ყოველდღიურობა სავსეა არა მხოლოდ თამაშებით, არამედ განათლებითა და სხვადასხვა აქტივობებით.
„ახლა ჭადრაკის მატჩისთვის ვემზადებით. დავამთავრებ და სკოლაში წავალ. ძალიან მინდა სკოლაში წასვლა, ოღონდ მართლა!” – ამბობს 6 წლის ბიჭი.
არამის მასწავლებელი მარინე მურადიანი ამბობს, რომ სომხების იძულებით გადასახლების შემდეგ აშოტ ნავასარდიანის 196-ე სკოლამ 8 ბავშვი მიიღო.
„ამ ხნის განმავლობაში ქვეყანა ორმა ოჯახმა დატოვა, ახლა კი ექვსი ბავშვი გვყავს არცახიდან. ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ აქ ჩვენ ყველანი ერთი ოჯახივით ვიყოთ. ასე რომ, ბავშვებმა, რომლებმაც განიცადეს ეს რთული მოვლენები, სხვა მოსწავლეებისგან იგრძნეს ზრუნვა და სიყვარული“.
მარინე მურადიანის თქმით, არამი საკმაოდ უნარიანია, მაშინვე ითვისებს მოსმენილს და აქტიურად მონაწილეობს ყველა ღონისძიებაში.
”მასში ისეთი თვისებები შევნიშნე, როგორიცაა დაცვისა და დახმარების სურვილი. ერთ დღეს მან დახატა სურათი წარწერით: „ადრე მე ვიცავდი ჩემს არცახს, ახლა კი ვიცავ ზოვუნის ქუჩებს“ (იმ დროს არამის ოჯახი ერევნის მახლობლად სოფელ ზოვუნში ცხოვრობდა – რედ.).
მაშინაც კი, როცა ვინმე ცდილობს მის გვერდით მჯდომ გოგონას აწყენინოს, ის დგება და გაბრაზებული ყვირის: “ამხანაგო მარინა, კმარა, ამას ვერ ავიტან, ამ გოგოს აწყენინებენ!”.
მოგონებები და ოცნებები
არამის დედა ამბობს, რომ ბავშვი მხოლოდ მის ყოფილ სახლზე, არცახზე და დაბრუნებაზე ოცნებობს.
„გასულ კვირას მოვინახულეთ გარნის ტაძარი და გეღარდის მონასტერი. არამი მომვარდა: “დედა, მომეცი მონეტა, სწრაფად”. გეღარდის ტაძარში არის წმინდა ჭა, შეგიძლია სურვილი ჩაიფიქრო და მონეტა ჭაში ჩააგდო. გავყევი და დავინახე, რომ ხმამაღლა ამბობდა: “მე მინდა, რომ არცახი იყოს ჩვენი, მინდა ჩემი დაბადების დღე იქ აღვნიშნო” და წყალში ჩააგდო მონეტა. გამუდმებით იხსენებს თავის სახლს. ნაქირავებ ბინაში რომ გადავედით, შემოვიდა და თქვა: დედა, ეს კარგი სახლია, მაგრამ ჩვენი უკეთესია, ხო მართალი ვარ? ვამჩნევ, რომ ის მუდმივად აკეთებს შედარებას: „არცახში, აი, ეს აქ იყო, საქანელაც სხვა იყო“.

ფოტო: მედიამაქსი
– არამ, ერევანი და სტეფანაკერტი ჰგვანან ერთმანთს? – ვეკითხები ბავშვს.
– დროშებში მსგავსება არის, უბრალოდ ერევანში თეთრი ხაზი არ არის, ყარაბაღში კი არის“, – პასუხობს ის.
ბოლოს ვბედავ და ვეკითხები: რა ახსოვს და რა ენატრება არცახში?
– იქ მქონდა დიდი ეზო, საქანელა, მეგობრები, ველოსიპედი. მინდა, რომ არცახი ისევ ჩვენი გახდეს.
– გინდა დაბრუნება? – ვეკითხები მე.
“ძალიან!”, – პასუხობს ექვსი წლის ბიჭი ერთი სიტყვით და ურყევი მონდომებით.
ავტორი: იანა შახრამანიანი
ვიდეო: გაიანე ენოქიანი
ფოტო: ემინ არისტაკესიანი