6 წლამდე ციხე 150-ლარიან ზიანზე — სადავო ნორმა, რომელიც მარტის აქციების შემდეგ მიიღეს

„250 ლარი ზიანი — 150 ლარი ხელობა“, – ასეა აღწერილი ბრალის დადგენილებაში ის ზარალი, რის გამოც 19 და 21 წლის ახალგაზრდებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათ გამოძიება რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების დღეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან განთავსებული დროებითი ჯებირის დაზიანებას ედავება.
როგორც ადვოკატი გვიყვება, დროებითი კონსტრუქციის ეპიზოდზე დაკავებული ორივე ახალგაზრდა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. 19 წლის ახალგაზრდა ჯარში მსახურობდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ კი მამას, რომელიც ხელოსანია — მშენებლობაზე ეხმარებოდა.
Რამდენად პროპორციულია 6 წლამდე საპატიმრო სასჯელი 400 ლარად შეფასებული ზიანისთვის? ლიმიტი ზიანისთვის, რომლის გამოც შეიძლება მოქალაქე ბევრი წლით ჩაჯდეს ციხეში გაცილებით ნაკლები — 150 ლარია. მუხლი კი, რომელიც ამგვარ სასჯელს ითვალისწინებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გასული წლის მარტის აქციების შემდეგ გაჩნდა.
გასული წლის ივნისის ბოლოს ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში, რომლითაც გამკაცრდა პასუხისმგებლობები ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის, ასევე ცივი იარაღის ტარება მუხლებში. ამავე პაკეტით გამკაცრდა სხვისი ნივთის დაზიანების მიმართ ჩადენილი დანაშაულიც. კერძოდ თუ იქამდე არ არსებობდა სხვისი ნივთის დაზიანების მიმართ ჯგუფური პასუხისმგებლობა, ახლა ის სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა და სწორედ აქედან გამომდინარე გახდა შესაძლებელი მის დამამძიმებელ გარემოებად შეფასება და მოქალაქეების 6 წლამდე ციხეში ჩასმა.
განმარტებით ბარათში, რომელიც კანონპროექტებს ახლავს და, როგორც წესი, განმარტავს ამა თუ იმ ცვლილების საჭიროებას, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლთან დაკავშირებით მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ მისი გამკაცრება „ქმედების საშიშროებიდან გამომდინარეა“ მიზანშეწონილი.
„გარდა ამისა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება ისეთი ქმედების ჩადენისთვის, როგორიცაა სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება,“ — წერია კანონპროექტის ძირითადი არსის გრაფაში.
ნივთისთვის მიყენებულ „მნიშვნელოვან ზიანად“ საქართველოს კანონმდებლობა 150 ლარიან ზღვარს ადგენს.
როგორც „ნეტგაზეთთან“ საუბრისას DRI-ს იურისტი თათია კონიაშვილი აღნიშნავს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის იმთავითვე განჭვრეტადი იყო, რომ კანონის ამ ჩანაწერს აქციების მიმართ მსუსხავი ეფექტი ექნებოდა.
საზოგადოებისთვის ცნობილი პირველი გახმაურებული შემთხვევაც, როცა ხელისუფლებამ ეს ჩანაწერი გამოიყენა, თბილისში კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული აქტივისტების აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას საქმე იყო — მათ პროკურატურა აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის ჯგუფურად დაზიანებას ედავება.
რამდენად სამართლიანია 150-ლარიანი ზიანის გამო 6 წლამდე პატიმრობა? —ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) საკონსტიტუციო სასამართლოში სვამს და სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილში შესულ ცვლილებებს ასაჩივრებს.
სწორედ ხასაიასა და ჩიქობავას სახელით მოამზადა DRI-მ საკონსტიტუციო სარჩელი, თუმცა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების კონტექსტში კანონის პრობლემური ჩანაწერის გამოყენებამ უფრო ფართომასშტაბიანი სახე მიიღო.
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მკვლევარი თამარ გვასალია აღნიშნავს, რომ პირველი შეუსაბამობა, რომელსაც კანონის ამ ჩანაწერში ვხვდებით ნივთის დაზიანებისა და განადგურების გათანაბრებაა. კერძოდ ქვეპუნქტი ამ ორ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ შედეგს ერთ ქმედებაში აერთიანებს და ერთგვაროვან სასჯელს უწესებს.
ამასთან, მართლმსაჯულების მკვლევრის თქმით, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზიანის კომპონენტი, რომელიც განმსაზღვრელია ამ მუხლთან მიმართებით პასუხისმგებლობისთვის. უფრო ზუსტად, იმისათვის, რომ ამ მუხლით მოქალაქის პასუხისმგებლობა დადგეს, საჭიროა ნივთის განადგურებამ ან დაზიანებამ “მნიშვნელოვან ზიანს” მიაღწიოს, რაც ქართული კანონმდებლობით მინიმუმ 150 ლარს უდრის.
1998 წელს მიღებულ სისხლის სამართლის კოდექსში მნიშვნელოვანი ზიანის ცნება 2006 წელს განისაზღვრა, ჩანაწერიც 150-ლარიან ზღვარზე სწორედ მაშინ გაჩნდა და აღარ არ შეცვლილა. მას შემდეგ საკუთრებაზე ნებისმიერი ტიპის ზემოქმედება, რომლის შედეგად მიღებული ზიანიც 150 ლარს აღწევს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ ექცევა:
„ეს აბსოლუტურად არაადეკვატურია. 150 ლარს 2006 წელს ბევრად მეტი მსყიდველუნარიანობა ჰქონდა, ვიდრე დღეს აქვს. ეს განსაკუთრებით პრობლემურია ამ მუხლის მეორე ნაწილთან მიმართებით, რომელშიც დამამძიმებელ გარემოებებზეა საუბარი და ზრდის თავისუფლების აღკვეთის ვადას. მაგალითად, თუ პირს სახელმწიფო ედავება ამ დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას, სანქციამ შესაძლოა 6 წლამდე პატიმრობასაც მიაღწიოს,“ — აღნიშნავს გვასალია.
DRI-ს იურისტი თათია კონიაშვილი „ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ასეთ უმნიშვნელო ზიანზე ასეთი დიდი სასჯელის დაკისრება ადამიანის ღირსებასაც ლახავს და კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მოდის შეუსაბამობაში, რომელიც არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას კრძალავს. სასჯელის არაპროპორციულობის გამო კი მის მე-11, თანასწორობის მუხლს ეწინააღმდეგება.

ასევე დაგაინტერესებთ